ფესტივალი – თეატრალური იმერეთი, რომელიც ტრადიციულად მაისსა და ივნისში იმართებოდა, წელს კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

ფესტივალის დირექტორის, მაია პაქსაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, რადგან პირველი ოქტომბრიდან თეატრების ამოქმედება ნებადართულია, ფესტივალის ჩატარება ოქტომბერში დაგეგმეს.

მისი თქმით, ფესტივალში, სავარაუდოდ, იმერეთში მოქმედი ყველა თეატრალური დასი ჩაერთვება. ფესტივალზე წელს უცხო ქვეყნის თეატრები ვერ ჩამოვლენ. ფესტივალის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაყურებლის წინაშე თბილისის ერთი ან ორი თეატრი წარდგება.

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა რეპეტიციები განაახლა. იმერეთის თეატრალური ფესტივალისთვის სპექტაკლს თანამედროვე დრამატურგის, რეზო კლდიაშვილის პიესის – „იმერული რექვიემი“ მიხედვით ამზადებენ.

-ძალიან მცირე დროა სპექტაკლზე მუშაობისთვის, თუმცა, ვიმედოვნებთ დროში ჩავეტევით, – ამბობს რეჟისორი ირინე ჩხეიძე.

თეატრალური იმერეთი წელს მეთერთმეტედ გაიმართება და მას ტრადიციულად ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელწიფო თეატრი უმასპინძლებს.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის რეკომენდაციით, კინოთეატრებსა და თეატრებში 5 კვმ-ზე ერთი ადამიანი დაიშვება. თეატრში სპექტაკლები 3 საათზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს. ეს მოიცავს როგორც მაყურებლის შესვლის, ასევე შენობის დატოვების პროცესს.

ღონისძიებები უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე. დარბაზში მაყურებელი დაიშვება მხოლოდ  პირბადით. ისინი თითო სკამის გამოტოვებით უნდა დასხდნენ.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: გასულ წელს ხარაგაულის თეატრი ფესტივალზე გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „ხორუმი ქართული ცეკვაა“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) წარსდგა.