მას შემდეგ, რაც სახელმწიფოში დიდი ზომის ბავშვთა ინსტიტუციების დახურვა დაიწყო, განვითარდა ალტერნატიული მომსახურებები, რომლის უმთავრეს მიზანსაც ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება წარმოადგენს; თუმცა, რა თქმა უნდა, ბავშვები ყველა შემთხვევაში ვერ ბრუნდებიან მშობლებთან.

ამ ეტაპზე, სახელმწიფოში არსებობს ორი საუკეთესო საშუალება – როცა მზრუნველობამოკლებული ბავშვი ცხოვრებას აგრძელებს მცირე საოჯახო ტიპის სახლში, ან მინდობით აღზრდაში. ოჯახურ გარემოს მოკლებული ბავშვებისთვის მზრუნველობის ალტერნატიული ფორმების განვითარებაზე სახელმწიფო, ბოლო წლებია, აქტიურად მუშაობს.

მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ოჯახის ჩანაცვლების საუკეთესო გამოსავლად მინდობით აღზრდა მიიჩნევა, რაც ბავშვის სხვა, არაბიოლოგიურ ოჯახში ცხოვრებას გულისხმობს. მინდობით აღზრდა ყველაზე მიახლოებული ფორმაა ოჯახურ ზრუნვასთან, ბავშვი ხვდება თბილ, მზრუნველ გარემოცვაში, სადაც თავს დაცულად, უსაფრხოდ გრძნობს.

მინდობით აღზრდას თავისი გამოწვევები აქვს, ერთერთი ასეთი გამოწვევაა მზრუნველობამოკლებული ბავშვისთვის მიმღები ოჯახების არასაკმარისი რაოდენობა. სწორედ ბავშვზე ზრუნვის მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ხორციელდება პროექტი „მინდობით აღზრდა – ბავშვის უფლება აღიზარდოს ოჯახში და საზოგადოებაში“.

პროექტს საქართველოს საპატრიარქოსთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები – „პარტნიორობა ბავშვებისთვის“, პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის“ და „საქართველოს მიმღებ მშობელთა ორგანიზაცია“ ახორციელებენ.

პროექტის ხელმძღვანელი – გია კაკაჩია, რომელიც „საქართველოს მიმღებ მშობელთა ორგანიზაციას“ წარმოადგენს, განმარტავს, თუ რა პრინციპით შეირჩა საქართველოს საპატრიარქო პარტნიორად და როგორ ეხმარება პროექტს ეს შერჩევა – „მოსახლეობას აქვს საკმაოდ დიდი ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ პროექტის მიზნის მიღწევაში, ეს ნდობა ძალიან დაგვეხმარებოდა.

მიზნის მისაღწევად, ერთი მხრივ, გავააქტიურეთ საპატრიარქოს როლი მინდობით აღმზრდელების მოძიების პროცესში და მეორე მხრივ, მხარდაჭერა გამოვუცხადეთ სახელმწიფოს ბავშვთა ზრუნვის მიმართულებით“ – აღნიშნავს იგი.

ფოტოზე: გია კაკაჩია

პროექტი საპატრიარქოს 5 ეპარქიაში ხორციელდება, მათ შორისაა აჭარის და კონკრეტულად კი, ბათუმის ეპარქია. შერჩეული ეპარქიების წარმომადგენლებად შეირჩნენ კოორდინატორები, რომლებიც როგორც მხარედ, ჩაერთვნენ მომსახურებაში.

პროექტის ხელმძღვანელის თქმით, კოორდინატორები სპეციფიკური სფეროებიდან გამომდინარე შეირჩნენ. მათი უმრავლესობა, ძირითადად, ფსიქოლოგები ან პედაგოგები არიან: „კოორდინატორებმა ჩვენს ორგანიზაციაში გაიარეს გადამზადების შესაბამისი კურსები და ახლა ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას, რაც წარმოადგენს მინდობითი აღზრდის პოპულარიზაციას.

ისინი ცდილობენ, მოიძიონ მინდობით აღმზრდელები და გაავრცელონ ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს ზოგადად მინდობით აღზრდა. მიუხედავად იმისა, რომ მხარედ საპატრიარქოა არჩეულია, ეს არ ნიშნავს, რომ კოორდინატორებს მხოლოდ მრევლთან უწევთ მუშაობა. ისინი ინფორმაციის გავრცელების მიზნით დადიან სკოლებშიც, ბაღებშიც და ესაუბრებიან არა სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებსაც“ – აღნიშნავს გია კაკაჩია.

ეკატერინე ჭილაძე ბათუმის ეპარქიის კოორდინატორია. ეკატერინე აღნიშნავს, რომ პროექტი, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს, ძალიან მნიშვნელოვანია შედეგობრივად, რადგან პროექტი კომპლექსურად მოიცავს უამრავ საჭირო სერვისს.

პროექტის ფარგლებშივე ხდება მინდობით აღმზრდელების მოძიება, მათი დატრენინგება, ბავშვის ოჯახში განთავსებამდე აღმზრდელების მხარდაჭერა და უკვე განთავსების შემდეგაც გრძელდება მათ დახმარება.

ფოტოზე: ეკატერინე ჭილაძე