უბისის მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობის პროექტი უახლოეს ხანში დაიწყება. პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) მიერ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს შპს „ინჟმშენი – 96“.

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა უბისაში საჯაროდ განიხილეს ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სოფელ უბისის მაცხოვრებელთან ერთად.

გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტის, ანა რუხაძის განმარტებით, პროექტი 2014 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყება და 2015 წლის 1 სექტემბრამდე დასრულდება.

პროექტით გათვალისწინებულია ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, მანქანების სადგომი ადგილის მოწყობა, მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, უბისის მონასტერისა და ვიზიტორთა ცენტრისთვის წყალმომარაგების სისტემის, ვიზიტორთა ცენტრში შიდა კანალიზაციის სისტემისა და კანალიზაციის ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მოწყობა.

გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმაში აღნიშნულია, რომ უნდა განხორცელდეს გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი მთელი რიგი ღონისძიებები, რომელთა მონიტორინგს მგფ-ის თანამშრომლები განახორციელებენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ბორითის მაჟორიტარი დეპუტატის, მანანა ბარბაქაძის თქმით, ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელსაც დიდი ხანია ელოდება უბისის მოსახლეობა. ქალბატონმა მანანამ პროექტის განხილვისას აღნიშნა, რომ აუცილებელია პროექტში ჩაერთოს გზის გარე განათება. მანვე დააყენა სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების საკითხი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, მგფ-მა და მუნიციპალიტეტმა იზრუნეს, რომ უბისაში ასეთი შესანიშნავი პროექტი განხორციელდეს. „მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტის დაგეგმვაში მონაწილობდა. ქალბატონი მანანა ბარბაქაძე, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ პროექტის მიმდინარეობას, – აღნიშნა გამგებელმა შეხვედრაზე, – რაც მთავარია, უნიკალური რამ ხდება – წყლის მიწოდების ასეთი დონის სისტემა მუნიციპალიტეტში არ არსებობს. ამავე დროს უბისის მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობის პროექტი პირველია ტურისტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და იმედია ასეთი პროექტები გაგრძელდება.“

უბისის მონასტრის მოძღვარმა მამა მაკარიმ პროექტის განხორციელებისთვის უბისელთა სახელით მადლობა გადაუხადა ყველას. მან აღნიშნა, რომ უბისელები აქტიურად ჩაერთვებიან და ხელს შეუწყობენ უბისის მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობას, რადგან ეს დიდი სიკეთეა უბისისთვის.

შპს „ინჟმშენის“ პროექტის მენეჯერის ლაშა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტია. მისივე თქმით, ის დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას.

რაც შეეხება გზის გარე განათების მოწყობას, მგფ-ის წარმომადგენელთა თქმით, პროექტში დევს გაუთვალისწინებელი ხარჯები. მშენებლობის მიმდინარეობისას, შესაძლოა, დაიზოგოს თანხა, რომელიც შეიძლება მოხმარდეს გზის გარე განათების მოწყობას.

ანა რუხაძის განმარტებით, უბისის მონასტრის რესტავრაციის პროექტს მსოფლიო ბანკი ცალკე განიხილავს. რაც შეეხება გზის გარე განათების მოწყობას, ეს წინადადება ეცნობება დონორს.

ნინო კაპანაძე

ubisa (1) ubisa (3) ubisa (2) ubisa (4) ubisa (5)