რამდენიმე თვეა, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ანტიკრიზისულ გეგმას ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნო საქმიანობაში ჩართული ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას იღებენ.

7 აგვისტოს მონაცემებით, 132 000-ზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. აგროდიზელის ხელშეწყობის პროგრამით უკვე ისარგებლა 112 000-მდე ბენეფიციარმა, აგროდაზღვევის პროგრამით უკვე გაცემულია 16 000-ზე მეტი პოლისი.

გარდა ანტიკრიზისული გეგმისა, სოფლისა და სოფლის მერნეუობის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 17 ძირითადი პროექტი არსებობს, რომელშიც ჩართვა ფერმერებსა და მეწარმეებს შეუძლიათ.

მიუხედავად ამისა, ფერმერების ნაწილი გარკვეულ სირთულეებზე საუბრობს, მათთვის სოფლის მეურნეობაში საქმიანობა,  მწირი მოსავალის მიღება და მით უფრო მისი რეალიზაცია დამატებით ხარვეზებთან არის დაკავშირებული.

თუ რა პრობლემების წინაშე დგანან ხარაგაულელი ფერმერები, რა მიმართულებით სჭირდებათ დახმარება და რისი განვითარება სურთ თავიანთ საქმიანობაში ამაზე ისინი  თავად საუბრობენ.

67 წლის ოთარ კვინიკაძე სოფელ ხემაღალში ცხოვრობს. წლებია, რაც მეფუტკრეობას მისდევს. მოჰყავს თხილი და მცირე რაოდენობით ჟოლოს პლანტაციაც აქვს. აგროპროგრამის ფარგლებში დარიცხული თანხით სასუქი და შხამქიმიკატები შეიძინა. განსაკუთრებით, აგროტექნიკის შეძენის პროექტში სურდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი ამოიწურა და მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.

ოთარ კვინიკაძე ამბობს, რომ სოფელ ხელმაღალში წყლის პრობლემაცაა, მწიფობის შუა პერიოდიდან მოსავლიანობა წყდება და მოსავალი ფუჭდება.

ოთარ კვინიკაძემ 2012-2013 წლებში მეფუტკრეობის განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეძლო. სახელმწიფო 9 000 ლარით დაეხმარა და შესაბამისი ტექნიკა შეიძინა. თუმცა შემდეგ ფუტკრის დაავადება გაჩნდა და ფუტკრის ოჯახები გაუქრა.

„სოფლები დაცლილია; რაც შეუძლია ამ ხალხს შრომობს, მაგრამ კარგი იქნება, თუ რაიონში რაიმე პროდუქტის გადამამუშავებელი საწარმო ან შემსყიდველი პუნქტი მაინც გაიხსნება. მოსახლეობა თავისი მოსავლის რეალიზაციას შეძლებს“, – ამბობს ის.

ოთარ კვინიკაძის მსგავსად, რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობს თემურ გამცემლიძეც. ის სოფელ ბორითში ორ ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობს. აქვს საკმაოდ დიდი საფუტკრე მეურნეობაც. სურს, მეფუტკრეობა მეტად განავითაროს და ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის პროექტებში ჩაერთოს.

თუმცა, აღნიშნავს, რომ „პროდუქციის რეალიზებაში ფერმერებს სახელმწიოს მხრიდან დახმარება სჭირდებათ. სახელმწიფოს შეუძლია, ექსპორტირებული თაფლის ნაცვლად, ადგილობრივი თაფლით მომარაგოს ქვეყანაში არსებული სხვადასხვა დაწესებულებები“.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გამოყოფილი დახმარებით თემურ გამცემლიძემ ფუტკრისთვის მხოლოდ შხამ-ქიმიკატები შეიძინა. ის ამბობს, საჭირო პრეპარატების სრული რაოდენობისთვის 1000 ლარზე მეტია აუცილებელი.

გასულ წელს თემურ გამცემლიძეს კენკროვანი კულტურების დაფინანსების პროექტის ფარგლებში ბორითში ჟოლოს პლანტაციების გაშენებაც სურდა. თუმცა დაფინანსება ვერ მიიღო, რადგან 1000 კვმ ფართობი ჰქონდა, პროექტი კი დაფინანსებას 1500 კვმ ფართობის შემთხვევაში ითვალისწინებს.

„ამიტომ ამ პროგრამით ვერ ვისარგებლე, თორემ ძალიან მაინტერესებდა. ჟოლო ჩვენში ყველაზე მეტად რეალიზებადი პროდუქტია და ხარჯებს მალე ანაზღაურებს“.

მისივე თქმით, თხილის მოყვანა ბოლო პერიოდში ძალიან პრობლემური გახდა. ამიტომ ამ დარგის განვითარებაზე ვეღარ ფიქრობს.

თემურ გამცემლიძე ფერმერების პრობლემებზე საუბრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხარვეზად ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებს. „ფერმერებს იშვიათად გვეხმიანებიან. ძალიან გულგატეხილი ვარ. საკმარისი შედეგი როცა არ არის, სტიმული ქრება, რომ იბრძოლო, თუმცა ჯერ ფარხმალი არ დამიყრია“, – ამბობს თემურ გამცემლიძე.

„საქართველოში მეფუტკრეობა უყურადღებოდაა მიტოვებული“, – ასე აფასებს კიცხში მცხოვრები ზურაბ მაჭავარიანი არსებულ ვითარებას. მას ფუტკრის 150 ოჯახი ჰყავს. მისი თქმით, ქართული თაფლი ევროპაში ექსპორტზე არ გადის, მიუხედავად იმისა, რომ ევროპამ 1400 ტონა თაფლზე კვოტა გამოყო.

„ექსპორტი ორი მიზეზის გამო ვერ ხერხდება: ერთი, რომ საჭიროა ე.წ. ერთგვაროვანი თაფლი. საქართველოში არ არის თაფლის მიმღები და გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც თაფლს მეფუტკრისგან მიიღებს და მას გადაამუშავებს; მეორე – არავინ არ მიიღებს ჩვენს თაფლს ისე, თუ არ გვექნა ევროსტანდარტების სერთიფიკატი. საქართველოში კი არცერთი ლაბორატორია არ იძლევა ამ სერთიფიკატს. ქვეყანაში ფერმერებს რამდენიმე ტონა თაფლი აქვთ დაგროვებული, რომელსაც რეალიზაცია სჭირდება“, – ამბობს ზურაბ მაჭავარიანი.

ზურაბ მაჭავარიანს სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. საფუტკრე მეურნეობა საკუთარი ძალებით შექმნა და ავითარებს. ამისთვის კი ახალი დანადგარები სჭირდება.

მეფუტკრეობის პროგრამებიდან ის კოოპერატივების შექმნის პროექტზე საუბრობს, თუმცა მიაჩნია, რომ კოოპერატივები კოლმეურნეობების როლს ასრულებდა და საქართველოში მსგავსი ტიპის საერთო საქმე იშვითად ამართლებს.

ფერმერების საჭიროებებიდან გამომდინარე, პროდუქტის რეალიზება და ინფორმაციის ნაკლებობა მათ საქმიანობაში მთავარ პრობლემებად რჩება.

თამარ ჩხიკვაძე