ახალი სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში განახლდება.

განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

რა შეცვალა კორონავირუსის პანდემიამ სკოლების ცხოვრებაში, რა ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ და პანდემიის პირობებში როგორ ხვდებიან ახალ სასწავლო წელს, რამდენად შეძლებენ რეკომენდაციების დაცვას და სასწავლო პროცესის გამართულად წარმართვას, – ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი რამდენიმე სკოლის დირექტორს ვესაუბრეთ.

ახალი სასწავლო წლისთვის ის შეიცვალა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების შესაძენად გამოყოფილი ხარჯი გაიზარდა, – ამბობენ სკოლების დირექტორები, – ჰიგიენური საშუალებების ნაწილი მათ სკოლის ბიუჯეტიდან შეიძინეს, ნაწილს კი – ძვირადღირებულ დეზობარიერებს, თერმომეტრებსა და სადეზინფექციო ხსნარებს, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტო ეტაპობრივად აწოდებს.

ბორითის, ვაშლევისა და ხევის სკოლების დირექტორები – სერგო ლაბაძე, ქეთინო ლურსმანაშვილი და მერი ხადილაშვილი ამბობენ, რომ საკლასო ოთახების ფართისა და მოსწავლეთა რაოდენობის გათვალისწინებით კლასების გაყოფა არ დასჭირდებათ.

ფოტოზე – ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ხარაგაულის #2 სკოლაში, 2019 წ.