„აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საიდანაც მშობლები გავიდნენ შრომითი მიგრაციით, დატოვებული ბავშვების მონაცემთა ბაზა აქვს სოციალურ სამსახურს, – წერს სოციალურ ქსელში იურისტი, სამოქალაქო უფლებების დამცველი ანა არგანაშვილი, – უფრო მეტიც, ზოგან მშობელი ვერ გავა თუ, სოციალურ სამსახურს არ შეატყობინა.

იქ სოციალური სამსახური იღებს ამ ბავშვებზე ზედამხედველობას, რადგან ნათესავი, რომელთანაც ბავშვი დარჩა, არასანდოა ან არ შეუძლია ბავშვის მოვლა. ბავშვი რჩება ამ ადამიანთან, მაგრამ სოციალური სამსახურის ზედამხედველობის და მხარდაჭერის ქვეშ.

ჩვენთან ეს ბავშვები სახელმწიფომ მიატოვა. 

შრომით მიგრაციაში წასული დედის ან მამის დადანაშაულება არაადეკვატურია, რადგან ისინი იძულებული იყვნენ წასულიყვნენ. ამ ბავშვებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს უნდა აეღო; თითქმის ყველა ქვეყანაში აიღო – ჩვენ გარდა. იმ ქვეყნებში მიხვდნენ, რომ ბავშვებს და მშობლებს შორის ძლიერ კავშირს ხელი უნდა შეუწყონ და ბავშვს მაქსიმალურად მოუარონ, სანამ მშობლები და ბავშვები კვლავ ერთად იქნებიან.

Children left behind ჰქვია ამ ბავშვებს. დაგუგლეთ, ყველა ქვეყანა ამას იკვლევს, სისტემებს აშენებს, რეგულაციებს აწესებს“.

2020 წლის 23 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 11 წლის მოზარდი თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

პროკურატურამ გარდაცვლილი მოზარდის მამას, 49 წლის ფ.ა-ს, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლით ბრალდება  წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის გამოძიებით  დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ  მყოფი ფ.ა. სისტემატურად ძალადობდა, შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს, ა.ა-ს. შედეგად, ბავშვი მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ იმყოფებოდა.

ბავშვის დედა ტრაგედიის დროს საბერძნეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.