დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში, სვანეთსა და კახეთში ხორციელდება.

რა დახმარებებს ითვალისწინებს ეს პროგრამა და როგორ უნდა ისარგებლონ ოჯახებმა სახელმწიფო პროგრამით, ამ საკითხებზე ხარაგაულის სოციალური სააგენტოს მთავარი სპეციალისტი ნანული ტაბატაძე გვესაუბრება.

„ეს სახელმწიფო პროგრამა იმ რეგიონებში ხორციელდება, სადაც შობადობის მაჩვენებელი დაბალია, – განმარტავს ნანული ტაბატაძე, – ოჯახები მესამე და ყველა მომდევნო შვილზე ყოველთვიურად 150 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

დახმარების დასანიშნად ოჯახის წარმომადგენელი უნდა მოვიდეს სოციალური სააგენტოს ოფისში, თან უნდა იქონიოს მშობლების პირადობისა და ბავშვების დაბადების მოწმობები. ადგილზე შეივსება განაცხადი და ოჯახი დარეგისტრირდება დახმარების მიმღებთა ბაზაში.

დარეგისტრირების მომდევნო თვიდან ოჯახი თანხის აღებას შეძლებს. ფულადი დახმარება ბავშვის ორი წლის ასაკამდე გაიცემა.

ის ოჯახები, რომლებიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში ცხოვრობენ, ყოველთვიურად მესამე და მომდევნო ბავშვზე 200 ლარს მიიღებენ“.