მათემატიკური კონკურსი „მათემატიკის დღე“ 19 ოქტომბერს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. კონკურსის ორგანიზატორია საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე საინიციატივო ჯგუფი. პროექტის მიზანია გამოავლინოს მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები, ხელი შეუწყოს მათ მოტივაციას და გონებრივ განვითარებას. კონკურსზე მოსწავლეებს უნდა ამოეხსნათ ქართველი მათემატიკოსების, კერძოდ ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის #42 საჯარო და . კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის #199 საჯარო სკოლების პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო დავალებები. პროექტის მონაწილებისგან გადახდილი თანხა, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სოციალურ ღონისძიებებსაც მოხმარდება.

კონკურსში მონაწილეობდნენ მეორე-მეათე კლასების მოსწავლეები. ხარაგაულში „მათემატიკის დღე“ #2 საჯარო სკოლაში ჩატარდა. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტის ნათია კაციტაძის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა ხარაგაულის საჯარო სკოლების 155 მოსწავლე. კონკურსზე გამოცხადდა 120 მოსწავლე.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის, ალექსანდრა ჭიპაშვილის თქმით, ძალიან კარგია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება მათემატიკის დღე. „მათემატიკის კონკურსებით ეძებენ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდობეულ ბავშვებს, – ამბობს ალექსანდრა მასწავლებელი , – 15 წელი ვმუშაობდი მათემატიკის ტურის შედეგების გამსწორებლად ზესტაფონში. ერთადერთხელ გავაგზავნეთ ერთი მოსწავლე მესამე ტურში მონაწილეობისთვის. ასე რომ, მათემატიკა საკმაოდ რთულია და ასეთი სახის კონკურსები ნამდვილად დაეხმარება მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს ცოდნის ამაღლებაში. კონკურსი არის შესაძლებლობა, გამოცადო და შეამოწმო საკუთარი ცოდნა. რასაც სწავლისა და მოსწავლის წიგნთან დაბრუნებისთვის გავაკეთებთ, ყველაფერი კარგია. ვერტყვიჭალის სკოლიდან კონსკურში შვიდი მოსწავლე მონაწილეობს.“

ვარძიის საჯარო სკოლის მატემატიკის მასწავლებელი მამუკა ხიჯაკაძე ამბობს, რომ ძალიან კარგი მოსწავლეები ჰყავს და ამიტომ ჩართო ამ კონკურსში. მამუკა მასწავლებელი ამბობს, რომ მოსწავლეები წინა წლების დავალებებიდან გამომდინარე ამეცადინა და მათ არ უნდა გაუჭირდეთ ამოცანების ამოხსნა.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის დოდო გელაშვილის თქმით, საკმაოდ რთული და სააზროვნო დავალებებია. დოდო მასწავლებელი მიიჩნევს, რომ კონკურსში მონაწილეობა გამბედაობას და გამოცდილებას შემატებს მოსწავლეებს, რაც მათ ცხოვრებაში სირთულეების დაძლევაში დაეხმარება.

ხუნევის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელ თამარ კურტანიძეს მათემატიკა ძალიან უყვარს. თამარი ამბობს, რომ დავალებები რთული იყო, მაგრამ მათი ამოხსნა არ გასჭირვებია. მისივე თქმით, ასეთი ტიპის კონკურსები ხელს შეუწყობს ბავშვების უფრო მეტად განვითარებას.

ბორის საჯარო სკოლის მეათეკლასელი ფერიდე ბერაძე ამბობს, რომ საშუალო სირთულის დავალებები იყო და ძირითადად სასკოლო საკითხებს მოიცავდა. ფერიდე მიიჩნევს, რომ კონკურსებში მონაწილეობით ბევრ რამეს სწავლობს.

ბაზალეთის საჯარო სკოლის მეორე კლასელმა გიორგი მაქაძემ ხუთი ამოცანიდან ოთხი ამოხსნა, თუმცა ამბობს, რომ ამოცანები ძალიან რთული იყო.

კონკურსის, „მატემატიკის დღე“, შედეგები ოც დღეში გახდება ცნობილი.

2

3

4

1

 

ნინო კაპანაძე