კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი და ორი ექიმი, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში არიან ჩართულები, მიმდინარე წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, ხელფასზე 200-200 ლარს დანამატის სახით მიიღებენ.

ამისთვის ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სახელფასო ფონდში 4 800 ლარის დამატება სჭირდება. ამ თანხას ცენტრი ადგილობრივი ბიუჯეტის ნაშთიდან მიიღებს.

იგეგმება თუ არა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმებისთვის ხელფასის ზრდა მომავალი წლიდან, ამ ეტაპზე უცნობია.

„ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი, მომავალი წლიდან რა იქნება“, – ამბობს ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი.