საქართველოში პირველად მუნიციპალური მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრი იქმნება. ცენტრის შექმნა პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე – სუფთა შავი ზღვას“ ფარგლებში ხორციელდება.

კომპოსტი ორგანული ნარჩენების – ხილის, ბოსტნეულის, ჩამოცვენილი ფოთლებისა და სხვა მსგავსი ორგანული ნარჩენების მასაა, რომლის ბუნებრივი დაშლის შედეგად ეკოლოგიურად სუფთა სასუქი მიიღება.

ამ დროისთვის ქალაქ ქუთაისში საკომპოსტე შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის წარმომადგენლის ქეთევან ცხაკაიას ინფორმაციით, კომპოსტირების ცენტრში ორგანული ნარჩენების მიღება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდანაც იქნება შესაძლებელი. შედეგად, მოსახლეობას სასარგებლო და სუფთა ნიადაგის გასანოყიერებელი სასუქის მიღება შეეძლება.

პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე – სუფთა შავი ზღვას“ ფარგლებში ქალაქ ქუთაისში უკვე დაიდგა კონტეინერები პლასტიკის, ქაღალდისა და მინის შესაგროვებლად. ქალაქ ფოთს პლასტიკის სეპარირებული შეგროვებისთვის სპეციალური კონტეინერები გადაეცა.

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის გარემოს დაცვის ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და მდინარეებისა და შავი ზღვის დაბინძურების საკითხებზე, ტრენინგები და აქციები მოეწყობა.

აღნიშნულ პროექტში მოლდოვასა და რუმინეთთან ერთად საქართველოც არის ჩართული, რომლის წარმომადგენელიც იმერეთის მხარეში მოქმედი მეცნიერებათა კავშირი „სპექტრია“.