
კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ ხარაგაულში კურორტ ნუნისს უნდა ეწვიოთ.
სახელწოდება ნუნისიც სწორედ ამ სამკურნალო თვისებების მქონე წყალთანაა დაკავშირებული. თქმულების თანახმად, ნუნისის წყლით ადრე მოსახლეობა კანის დაავადება მუნს მკურნალობდა. ამიტომ სოფელს მუნისი დაერქვა, შემდეგ სახელწოდება შეეცვალა და ნუნისი ეწოდა.
ნუნისში დასვენება გაზაფხულიდანაა შესაძლებელი. ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობა ჰაერს გამაჯანსაღებელ ეფექტს აძლევს, რაც ნუნისის ჰავას განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის ფიტვებისა და ბრონქებისათვის.
სასტუმრო კომპლექსის დირექტორი ნინო პავლიაშვილი ამბობს, ყველაფერი გააკეთეს დამსვენებლებისა და მომსახურე პერსონალისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.
„კურორტს ჰყავს თავისი მუდმივი დამსვენებელი, თუმცა წელს დაგვემატა ის ხალხი, ვისაც უბრალოდ ჯანსაღ გარემოში სურს დასვენების დღეების გატარება, – ამბობს ქალბატონი ნინო, – მოთხოვნილება, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია. შევეცადეთ, ჩვენს მომხმარებელს სიახლეებით დავხვედროდით. ცვლილებები შევიტანეთ ინტერიერში, რადიკალურად შევცვალეთ კვების ბლოკი – ჩვენ ჯანსაღ კვებაზე ორიენტირებული მენიუ გვაქვს“.
ნინო პავლიაშვილი ამბობს, რომ სასტუმრო კომპლექსში დასაქმებულთა 80% ადგილობრივი მოსახლეობაა.
„ჩვენი მთავარი მიზანი ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერაა. თანამშრომლებს დავავალეთ, რომ თუკი ვინმეა ადგილობრივი ფერმერი, რომელიც რაიმე საკვებ პროდუქტს აწარმოებს, დაგვაკავშირონ და მათთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ“.
სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ასევე ადგილობრივები წუხან გზის გაუმართაობაზე, რაც კურორტ ნუნისში დამსვენებელთა მოზიდვას ხელს უშლის. კურორტზე მისვლა განსაკუთრებით წვიმიან ამინდში ჭირს.
„ცუდი ამინდის დროს ჩვენამდე მოსვლა თითქმის შეუძლებელია. გზა თუ მოწესრიგდება, სასტუმრო ოთხსეზონიანი გახდება“, – ამბობს ნინო პავლიაშვილი.
სასტუმრო კომპლექსს მოქნილი სატარიფო პოლიტიკა აქვს. ფასები იზრდება ნომრის კატეგორიის მიხედვით. მინიმალური ფასი 50 ლარიდან იწყება, მასში შედის კვება და ექიმის მომსახურება.
სასტუმროში ამჯერად 60-ვე ადგილი დაკავებულია.
ნუნისში დასვენებას შედარებით შეღავათიან ფასებში შეძლებთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, საოჯახო ტიპის სასტუმროებში. 10-15 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ ოთახის ერთი დღე-ღამით დაქირავება.
ადგილობრივები წუხან იმის გამო, რომ წელს, წინა წლებთან შედარებით, ძალიან ცოტა დამსვენებელი ჰყავთ. ამის ერთ-ერთ მიზეზად პანდემიას ასახელებენ.
„წინა წლებთან შედარებით ცოტა დამსვენებელია. ხალხს ფული არ აქვს და ვერ მოდიან. რა დანაზოგიც ჰქონდათ, სულ ამ პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის დროს დაეხარჯათ. ასეთი ცოტა დამსვენებელი არასდროს გვყოლია“, – ამბობს ნუნისელი თემურ მანჩხაშვილი.
დამსვენებელთა ნაკლებობას უჩივის მადონა გუდაძე. წინა წლებში მის ოჯახსაც ბევრი დამსვენებელი სტუმრობდა.
„წელს სულ ორი ოჯახი მყავდა. ძალიან ცუდი სეზონია. შეიძლება ამის მიზეზი პანდემიაა. ალბათ ხალხი შეშინებულია“.
ტურისტული სეზონი ნუნისში სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ადგილობრივები იმედს გამოთქვამენ, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება.
ლიკა ხიჯაკაძე
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო