„რაც უფრო მეტს მოითმენს ქალი, ბედნიერების მეტ წამს, წუთსა და წელს დაკარგავს “- ეს სიტყვები ხარაგაულში მცხოვრებ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს ეკუთვნის. რელევანტურია ამ სიტყვებით იმ სტატიის დაწყება, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხება.
გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობა დღეს საქართველოში არსებულ პრობლემათა სათავეშია. ამას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა. მხოლოდ 2020 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის გამო, საქართველოში 4014 შემაკავებელი ორდერი გაიცა. ამ კუთხით საქართველოს რეგიონთა შორის იმერეთი მეოთხე ადგილზეა. იანვარ-ივლისის თვეებში იმერეთში 358 შემაკავებელი ორდერი გაიცა.
ეს სტატისტიკა ძალადობის მსხვერპლი ქალების ზუსტ სურათს ვერ გვაძლევს. სამართალდამცავების გამოძახება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ხდება. აქედან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, თუ რამდენი ქალია ძალადობის მსხვერპლი. ძალადობა კი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სექსუალური ხასიათის.
ქალები ჩუმდებიან. რატომ? იმიტომ, რომ არ აქვთ წასასვლელი, არ არიან ეკონომიკურად დამოუკიდებლები, რომ შვილები არჩინონ; საზოგადოების დამოკიდებულების ეშინიათ. ეს მიზეზების მცირე ჩამონათვალია.
რას სთავაზობს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს? მხოლოდ თავშესაფარს, სადაც ექვსი თვის გატარებას შეძლებს. რა იქნება ექვსი თვის შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. სახელმწიფოს არ აქვს გრძელვადიანი და ფართომასშტაბიანი პროგრამები, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს დაიცავს და საზოგადოებაში ინტეგრირების შესაძლებლობას მისცემს.
ხარაგაულში ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები ხშირად დახურულ კარს მიღმა რჩება. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ხარაგაული, მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით, პატარა მუნიციპალიტეტია და საზოგადოებაც კონსერვატიულობით გამოირჩევა. კარს მიღმა კი ბევრი ქალი და ბავშვი რჩება დამახინჯებული ფსიქიკით.
ხარაგაულში მცხოვრები ძალადობის მსხვერპლი ქალები ანონიმურად გვიამბობენ თავიანთ ისტორიებს, რომლებიც საკმაოდ მძიმეა.
ერთ-ერთმა მათგანმა 12-წლიანი ქორწინება დაასრულა. ამის მიზეზი პერმანენტული ძალადობა გახდა, რასაც ბავშვებიც ესწრებოდნენ ხოლმე. ეს მათ ფსიქიკაზე მძიმედ აისახებოდა. ქორწინების დასაწყისიც ძალადობით დაიწყო. მოიტაცეს. დარჩა. პატარა იყო, ამიტომ სირცხვილისა და შიშის გრძნობებმა მასზე გაიმარჯვეს.
მალევე დაიწყო ეჭვიანობა, ფსიქოლოგიური ძალადობა. ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლო და მშობლებთან დაბრუნდა. მეუღლის ახლობლები ჩაერივნენ და უკან დააბრუნეს. მიზეზი – ქმარს გაშორებული შვილი ოჯახს პრობლემებს შეუქმნიდა. არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდა.
„ყოფილი მეუღლე ძალადობას ისევ განაგრძობდა, პოლიციას ბევჯერ მივმართე. მათ კომპეტენციაში რაც შედიოდა, ყველაფერი გააკეთეს. ხელწერილი ბევჯერ დაადებინეს, ერთხელ შემაკავებელი ორდერიც დაიმსახურა. ძირითადად, ფსიქოლოგიურად ძალადობდა, მაგრამ იყო ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც. შეეძლო ოთახში დამდგარიყო და საათობით ველანძღე. ყურებს ვიცობდი ხოლმე ხელებით. ყვირილით ბავშვებსაც აშინებდა. ნასვამ მდგომარეობაში განსაკუთრებით აგრესიული ხდებოდა. ბევრი ვითმინე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ვისაც შუძლია მოთმენა, მოითმინოს, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს ბავშვი უყურებს, ისიც მოძალადე იზრდება, ფსიქიკა ერყევა. შვილს ორივე მშობელი სჭირდება, მაგრამ მუდმივად ძალადობის ყურებას, ისევ გაშორება და ცალ-ცალკე ცხოვრება სჯობს“.
მეორე რესპონდენტი ისევ მეუღლესთან ცხოვრობს. მასთან ინტერვიუ მეუღლესთან ერთად ჩავწერეთ. იგი მრავალშვილიანი დედაა. 12 წელია, რაც დაოჯახდა. ძალადობის სათავედ ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებს, რის გამოც მეუღლე სასმელზე დამოკიდებული გახდა. სწორედ ნასვამ მდგომარეობაში ხდებოდა ხოლმე, ძირითადად, ძალადობის შემთხვევები.
„ნასვამ მდგომარეობაში რომ იყო, თავს ვარიდებდი. უსაფუძვლოდაც კი შეეძლო ეჩხუბა. სულ დაძაბული ვიყავი, რაც, რა თქმა უნდა, ჩემს ფსიქიკაზე ცუდად აისახებოდა. მერწმუნეთ, არ არის ადვილი. მტერს არ ვუსურვებ მსგავს უთანხმოებას. სუიციდს მცდელობაც მქონდა. თავი მოვიწამლე.
წასვლა არ მიფიქრია, შვილების გარეშე ვერ გავჩერდებოდი. ბავშვები რომ წამეყვანა, სხვაგან არსად არც სახლი, არც კარი არ გამაჩნია. მიდიხარ? აი, სად მიდიხარ ბავშვებით? ვის უნდიხარ? ვინ მოგხედავს? ვინ გარჩენს? ამდენი ბავშვით ვერსად წახვალ“.
… ბოლოს ვეღარ მოითმინა. პოლიცია გამოიძახა. მოძალადეს შემაკავებელი ორდენი გამოუწერეს. წასულიც არ იყო პოლიცია, რომ ძალადობის შემთხვევა კვლავ განმეორდა. ისევ დაურეკა პოლიციას. ამჯერად ეს ყველაფერი მეუღლის დაპატიმრებით დასრულდა. ორი თვე იჯდა ციხეში. როგორც ამბობს, ამ ორი თვის განმავლობაში ისევ თვითონ გაწვალდა, რადგან მისი ქმარი იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. ციხიდან გამოსვლაშიც თვითონ დაეხმარა.
„ჩემი მიზანი მისი დაჭერა არ იყო. მე დავრეკე იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გამომესწორებინა. არ მგონია გამოსავალი იყოს ასეთი ადამიანების დაპატიმრება. სახელმწიფომ ისეთი პროგრამები უნდა შექმნას, რომლებიც ასეთ ადამიანებს დაეხმარება. ციხეში ყოფნამ უარესი უქნა.
ერთი წელია, თავისუფალია ჩემი მეუღლე. ალკოჰოლს აღარ ეკარება. ფხიზელ მდგომარეობაში კი არანაირი კონფლიქტი არ მოგვდის. ვინც ჩუმად არიან, იმ ქალებს არ ვამართლებ. 12 წელი მეც ჩუმად ვიყავი. თუმცა ვთვლი, რომ გაჩუმებით დიდ დანაშაულს ჩავდიოდი, – როცა ვითმენდი და ჩუმად ვტიროდი.
საზოგადოება მკიცხავდა, პოლიციაში რომ დავრეკე. ისეთი რაღაცები მესმოდა, კინაღამ ჭკუიდან გადავედი, მაგრამ ეს ყველაფერი დავძლიე. ქალებს ვურჩევ, ძალადობა არ მოითმინონ. არავისი ლაპარაკი არ ღირს იმად, რაც შენი ბედნიერება“.
ქალთა ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორი ბაია პატარაია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ყველაფრის სათავე მენტალიტეტში გამჯდარი უთანასწორობის განცდაა.
„ზოგიერთ კაცს სჯერა ქალზე მისი უპირატესობის და მიაჩნიათ, რომ ცოლი მას უნდა ემორჩილებოდეს. ცოლზე სწორედ ასეთი კაცები ძალადობენ, რათა ისინი ძალის გამოყენებით დაიმორჩილონ. ოჯახში ძალადობა სათავეს აქედან იღებს. ყველა მიზეზი, რასაც კაცები ასახელებენ, უბრალოდ, საბაბია. საფუძველში კი ქალისა და კაცის უთანასწორობა დევს. ამ ყველაფერს სამართალში გენდერული დისკრიმინაცია ჰქვია. ელექტრონული სამაჯური, ან რომელიმე ერთი კონკრეტული კანონი ძალადობას ვერ დაამარცხებს, მას მრავალწლიანი საგანმანათლებლო მუშაობა სჭირდება.
ჩვენ ბაღიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ გოგო და ბიჭი თანასწორია. სახელმწიფო ამ მიმართულებით თითქმის არაფერს აკეთებს. ის მხოლოდ სადამსჯელო ზომებს იყენებს მოძალადეების წინააღმდეგ. ეს, ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი არ არის, როცა პრობლემა მენტალიტეტშია“.
ბევრი ქალი კვლავ რჩება მოძალადესთან ერთად, დახურულ კარს მიღმა. მისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებს. თუმცა იმედს არ კარგავს; იმით დაიმედებული, რომ, ერთხელაც, სახელმწიფო მას ეკონომიკურად და ფსიქოლოგიურად დაეხმარება, და ამ ჩაკეტილი კარიდან გამოაღწევს“.
ლიკა ხიჯაკაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი