ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში ახალ სასწავლო წელს სწავლას 2 090 მოსწავლე შეუდგება.

კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლა მარტიდან დისტანციურად მიმდინარეობდა. ამჟამინდელი ინფორმაციით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში დაიწყება.

რა მდგომარეობაა ხარაგაულის სკოლებში ინფრასტრუქტურის კუთხით, რა გამოწვევების წინაშე არიან სკოლების ადმინისტრაციები, – ამ საკითხებზე ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს მარინე ვეფხვაძეს ვესაუბრეთ.

– პანდემიამ დაგვანახა, რომ სოფლების ინტერნეტიზაცია აუცილებელია, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – ხარაგაულში მოსწავლეთა ათი პროცენტისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ იყო.

ამჟამად ვზრუნავთ საიმისოდ, რომ ვერტყვიჭალის, მარელისისა და წყალაფორეთის სკოლების სრული რეაბილიტაციისთვის ტენდერის გამოცხადება დაჩქარდეს. ყოველ ოთხშაბათს რესურსცენტრების უფროსებს მინისტრის პირველ მოადგილესთან ონლაინ ჩართვა გვაქვს. დავაყენე ეს საკითხი და სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ტენდერი უნდა გამოცხადდეს. ამ სკოლებში სარემონტო სამუშაოები 4-5 თვე გაგრძელდება.

ამჟამად სველი წერტილების რეაბილიტაცია ბორითის, ვაშლევის, წიფის, ვარძიის, ლაშესა და ბაზალეთის სკოლებში მიმდინარეობს. ვახანისა და ნებოძირის სკოლებში სველი წერტილების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. წინდადებების მიღება მშენებელი კომპანიებისგან 18 აგვისტოს მთავრდება.

პროექტები მზადაა ბორის, ხარაგაულის #2, სარგვეშის, ხუნევის, ხევის, ჩრდილისა და მარელისის დაწყებით სკოლებში სველი წერტილების მოსაწესრიგებლად. ადგილობრივ ბიუჯეტში ამ მიზნით 480 ათასი ლარი ჩაირიცხება. ვერ გეტყვით, სწავლის დაწყებამდე ამ სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგება მოესწრება თუ არა. მთავარია, რომ სასწავლო პროცესი, სარემონტო სამუშაოების გამო, არ შეფერხდეს.

კორონავირუსის პანდემიამ სკოლებში ექიმის აუცილებლობა გამოკვეთა. ექიმის კაბინეტი ამჟამად ხარაგაულის #2, #3, ხევისა და ბორითის სკოლებში ფუნქციონირებს. ექიმი ჰყავთ სასულიერო გიმნაზიაშიც. კიცხში ახალი სკოლა შენდება და შენობაში ექიმის კაბინეტი ეწყობა. იმ სკოლებში, სადაც ას მოსწავლეზე მეტი ირიცხება, ექიმის შტატს დაუშვებენ.

წყალმომარაგების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა ხარაგაულის #2, #3 და სასულიერო გიმნაზიაშია, რადგან ხარაგაულში წყალი გრაფიკით მოგვეწოდება. ეს სკოლები ავზებს შეიძენენ.

საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლა თუ არ აღდგა, წიფის, მოლითის, ზვარეს, ვახანისა და მარელისის სკოლებში სასწავლო პროცესი ვერ შედგება. ამ სკოლების მასწავლებლების ნაწილი ხაშურიდან, ხარაგაულიდან და ზესტაფონიდან დადის. პრობლემის შესახებ განათლების სამინისტრო ინფორმირებულია.

რესურსცენტრის უფროსად რომ დავინიშნე, საქარიქედის დაწყებითი სკოლის აღდგენა მსურდა. სამწუხაროდ, ეს ვეღარ მოხერხდება, რადგან სოფელში მოსწავლეთა კონტინგენტი აღარ გვყავს. მოსახლეობას სურდა, რომ შენობა ამბულატორიისთვის მოეწყოთ. შენობა უკვე ავარიულია და დემონტაჟს საჭიროებს. ამისთვის განათლების სამინისტროს მივმართავ. შენობაში ახალგაზრდები შედიან და საშიშია.

მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 106 მარშრუტი სრულდება.

ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სამინისტრო ყველა სკოლას დეზობარიერებით, თერმომეტრებითა და პირბადეებით მოამარაგებს. სახელმძღვანელოების ნაწილი უკვე მივიღეთ.

სამინისტროს რეკომენდაციით, ერთ საკლასო ოთახში 15 მოსწავლეზე მეტი არ უნდა იყოს.

ხარაგაულში მოქმედი 26 სკოლიდან 15-ზე მეტი მოსწავლე ექვსი სკოლის 23 კლასში ირიცხება:

  • სასულიერო გიმნაზიის 6 კლასში,
  • ხარაგაულის #2 სკოლის 7 კლასში,
  • #3 სკოლის 3 კლასში
  • ბორითის სკოლის 5 კლასში,
  • ბორისა და ხევის სკოლების თითო-თითო კლასში.

რაც შეეხება მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემას, ხარაგაულის სკოლებშიამჟამად 401 უფროსი მასწავლებელია, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი აქვს – 36-ს. ორი მენტორი მასწავლებელი გვყავს. 76 მასწავლებელი პრაქტიკოსი და მაძიებელია, რომლებიც გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირდნენ.

წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლას 189 პირველკლასელი შეუდგება. წელს, გასულ სასწავლო წელთან შედარებით, 18 პირველკლასელით მეტი გვეყოლება. სამწუხაროდ, არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა ბაზალეთის სკოლაში.

ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და სკოლის თანამშრომელს წარმატებას ვუსურვებ.

ნინო კაპანაძე