
რამდენიმე კვირაა, რაც ხარაგაულში ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მავნებლის წინააღმდეგ თერმული ნისლის გაშვებამდე რამდენიმე თვით ადრე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამ მწერის რაოდენობის დასადგენად მონიტორინგის პროცესი დაიწყო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ნინო სახვაძის, ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ტყისპირა ზოლებში დამონტაჟებულია ე.წ. „მოიზიდე და მოკალი“ სადგურები, რომლებიც ორ კვირაში ერთხელ ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.
ეს სადგურები განთავსებულია არაყვავილოვან, არანაყოფიერ მცენარეებზე, დასახლებიდან მოშორებულ ადგილებზე. „მოიზიდე და მოკალი“ ტყიდან გამოსულ მავნებელს იზიდავს, შემდეგ კი სააგენტოს წარმომადგენელი ამ სადგურებს შესაბამისი წამლით ამუშავებს.
რაც შეეხება თერმული ნისლით დამუშავებას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეს პროცესი 24 ივლისიდან დაიწყო. ამ დროისთვის შეწამვლითი სამუშაოები უკვე ჩატარდა ბაზალეთში, ქროლში, ღარიხევში, წიფში, უბისაში, ვაშლევში, საქასრიაში, ამაშუკეთში, ერეთაში, კვესრევსა და მაქათუბანში, ვარძიაში, კიცხში, ბორში, თეთრაწყაროში, კიცხის იგორეთსა და საქარიქედში.
სოფლებში დაგეგმილი თერმული ნისლის გაშვება იმ შემთხვევაში არ ტარდება, თუ ამინდი შეიცვალა და გაწვიმდება.
ნინო სახვაძის ინფორმაციით, წვიმა წამლობას ხელს უშლის. შესაწამლად საჭირო ნივთიერება ბუნებაში აირად მდგომარეობაში უნდა გავრცელდეს. თუ ფოთლები და მიწა სველია, შეწამვლას ეფექტი არ ექნება. შეწამვლითი სამუშაოების ჩასატარებლად მშრალი ამინდი აუცილებელია.
მისივე განმარტებით, ფაროსანას საწინააღმდეგო თერმული ნისლი იმ ჯგუფის პრეპარატია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მცენარეების შეწამვლისას გამოიყენება და ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
თუმცა რადგან ქიმიური პრეპარატია, მას აქვს თავისი მოხმარების წესები, რომელიც ნებისმიერ დროს უნდა დავიცვათ. შეწამვლის დროს, 20 წუთის განმავლობაში, როცა თერმული ნისლი ბუნებაში დგას, უმჯობესია, მოსახლეობამ კარ-ფანჯარა დაკეტოს და სახლში იმყოფებოდნენ. 20-30 წუთის შემდეგ, როცა განიავდება, ადამიანებს საქმიანობის გაგრძელება ჩვეულებრივ შეუძლიათ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლის გაშვება საღამოობით 09:56 წუთზე იწყება. ინფორმაცია, თუ რომელ სოფლებში ჩატარდება შეწამვლითი სამუშაოები, 24 საათით ადრე ხდება ცნობილი.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ შეწამვლა ფუტკრისთვის საფრთხის შემცველი არ არის. თუმცა, იმ მოსახლეებთან, რომელთაც საფუტკრე მეურნეობა აქვთ, თერმული ნისლის აგრეგატს რთავენ.
მათივე განმარტებით, ამ პერიოდში ფაროსანას პირველი თაობა იჩეკება და შესაბამისად, რაც უფრო მეტი ფაროსანა განადგურდება, მით უფრო ნაკლები იქნება შემოდგომაზე მავნებლის გავრცელება.
ნინო სახვაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ფაროსანა მეტნაკლებად ყველგან ფიქსირდება, თუმცა, წინა წლებთან შედარებით, მავნებლის რაოდენობა შემცირებულია.
თუ როდის და სად ჩატარდება ფაროსანას წინააღმდეგ სამომავლოდ თერმული ნისლის გაშვება, დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება ინტენეტით, farosana.ge-ზე შეუძლიათ. ამ ვებგვერდზე პირადი ნომრის მითითების შემთხვევაში პირებს ინფორმაცია შეწამვლითი სამუშაოების შესახებ 24 საათით ადრე მობილურ ტელეფონზე sms-ით გადაეგზავნებათ.
თამარ ჩხიკვაძე
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო