
ხარაგაულელი კახი კახნიაშვილი გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგში ცხოვრობს და ღვინის დამზადების ტექნოლოგიას ეუფლება.
პარალელურად, ღვინის ქარხანაში მუშაობს.
ვაზის მოვლით ბავშვობიდან იმდენად დაინტერესდა, რომ მეღვინეობა პროფესიად გაიხადა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა აგრარულ უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც ორი წელი დაჰყო. შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრა. ამ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი ჰქონდა, – ჯერ ერთი, რომ საყვარელმა გოგონამ, გვანცა პატარიძემ, გერმანიაში სწავლის უფლება მოიპოვა და მეორეც, – ამ ქვეყანაში წარმატების დამოუკიდებლად მიღწევის მეტი შესაძლებლობები და შანსი არსებობდა.
„ქალაქ ფრაიბურგში გერმანელ ოჯახთან ერთად რვე თვე გავატარე. ეს ენის ათვისებაში ძალიან დამეხმარა, – ამბობს კახი, – მალე გვანცა, ვისაც გერმანიაში გამოვყევი, ჩემი მეუღლე გახდა. ახლახან, 10 მაისს, პატარა იზაბელა შეგვეძინა.
ვაზის მოვლის გერმანული კულტურა ქართულისგან ბევრი რამით განსხვავდება. გერმანიაში ვენახში ტექნოლოგიური მანქანებით მუშაობენ, რაც ვაზის მოვლას ძალიან აადვილებს და ხარისხი იოლად მისაღწევია. წინასწარ აქვთ გათვლილი, ერთ ძირ ვენახზე რა ოდენობის ყურძენი უნდა მოიკრიფოს. ასევეა ღვინის დაყენების ტექნოლოგიებიც, სადაც ძირითადად უჟანგავი ლითონისა და ხის კასრები გამოიყენება.
პანდემიის პერიოდში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებდით, რადგან ხალხთან ურთიერთობა არ გვიწევდა“, – ამბობს კახი.
პანდემიამდე კახი კიცხში მშობლების – ნინო გაგოშიძისა და ოლეგი კახნიაშვილის ოჯახში – ხშირად ჩამოდიოდა, მაგრამ ვაზის მოვლის პროცესში ყველა სეზონზე ჩართვას ვერ ახერხებდა. ამბობს, რომ უფროსი თაობები, სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში, ახალგაზრდებს უნდა დაეხმარონ. სიახლეები უნდა მივიღოთ, მაგრამ ამასთან ერთად, ტრადიციებიც უნდა შევინარჩუნოთ.
კახი აპირებს, კიდევ უფრო გაიღრმავოს ცოდნა ღვინის ტექნოლოგიაში. მიღებული ცოდნით კი საქართველოში დაბრუნებას და საკუთარი ღვინოს ჩამოსხმა-რეალიზებას გეგმავს.
ლიკა ხიჯაკაძე
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო