გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, დაცული ტერიტორიების რეინჯერების, თანამშრომლების, გიდებისა  და ადმინისტრაციის წევრებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებზე ტრენინგების ციკლი დაიწყო.

ამ დროისთვის სასწავლო კურსი უკვე ჩატარდა მარტვილისა და ოკაცეს, სათაფლიასა და პრომეთეს დაცულ ტერიტორიებზე.

გარემოსდაცვითი საინფორმაციო სამსახურის სპეციალისტის, ანა მანჯავიძის ინფორმაციით,  სასწავლო ტრენინგი დაგეგმილია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომლებისთვის, თუმცა ჯერჯერობით  კონკრეტულად  მისი ჩატარების თარიღი განსაზღვრული არ არის. თუ ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაცია სტაბილური იქნება, სასწავლო კურსი სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება.

ტრენინგი პირველადი დახმარების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ითვალისწინებს, რომლის დროსაც მონაწილეები  მოტეხილობის შეხვევა-გადახვევას, დაზარალებული ადამიანის ხევიდან ამოყვანას, ჭრილობის დამუშავებას, ხელოვნური სუნთქვის ჩატარებასა და სხვა აუცილებელ უნარ-ჩვევებს სრულყოფილად ისწავლიან. თეორიულ მასალაში განხილული იქნება ის რისკები, რომლებიც შესაძლოა მოგზაურს რთულ რელიეფზე გადაადგილებისას დაემართოს.

სასწავლო კურსი როგორც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერებისთვის, ისე გიდების, ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ჩატარდება.