ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საექიმო ამბულატორიების ინტერნეტიზაცია, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოდან დაიწყება.

ხარაგაულის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის, ინფორმაციით, ამბულატორიების ინტერნეტიზაციისთვის ტენდერის გამოცხადება ტექნიკურად ვერ მოხერხდა.

„ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, სატენდერო პირობებში დაფარვის სიხშირე და სხვა დეტალური ინფორმაცია უნდა მივუთითოთ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ამბულატორიების ინტერნეტიზაციისათვის ბაზრის კვლევა ჩაატარა. ყველაზე კარგი ფასი კომპანია „სკაიტელმა“ შემოგვთავაზა“, – ამბობს ნანა კიკნაძე.

ნანა კიკნაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ამბულატორიების ნაწილს ინტერნეტით, სავარაუდოდ, ეს კომპანია მოამარაგებს. თუმცა შვიდი ამბულატორიის (ლაშე, ღორეშა, ფარცხნალი, წიფა, კიცხი, ხიდარი, წყალაფორეთი) ინტერნეტით უფრუნველყოფისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვა კომპანია უნდა მოიძიოს, რადგან „სკაიტელი“ მათთვის ინტერნეტის მიწოდებას ვერ შეძლებს.

ხარაგაულში საექიმო ამბულატორიებში ინტერნეტის შეყვანისა და წლის ბოლომდე მომსახურების თანხის გადასახდელად ხარაგაულის ბიუჯეტიდან 12 ათასი ლარი გამოიყო.

ფოტოზე: ღორეშის საექიმო ამბულატორია