ძირულა-ხარაგაული-ფონას გზის მშენებელი კომპანიის მაღალი გამავლობის მანქანები ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის მიმართულებით გადაადგილდებიან, რაც ამ გზის  დაზიანებას იწვევს.

-ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის გზას პერიოდულად აკეთებენ. თუმცა, ისე უხარისხოდ, რომ მალევე ფუჭდება. ერთ ადგილს რომ შეარემონტებენ, მის გვერდით გაფუჭებულს ტოვებენ. საქარიქედისა და ზესტაფონის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარეს და კიცხის მონაკვეთს არა. არ ვიცი რა დავარქვა მათ მუშაობას, – ამბობს ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის მარშრუტის მძღოლი ბექა ლევიძე, – გზა ძალიან გაფუჭებული რომ არის, ნელა მიდიხარ. შემდეგ კარგ გზაზე გადადიხარ და  შესაბამისად სიჩქარესაც უმატებ. უცებ კი გხვდება დიდი ორმო. ამ დროს საავარიო სიტუაცია იქმნება. ვინც არ იცის ეს გზა და ხშირად არ მოძრაობს, მისთვის აქ გადაადგილება მართლა რთულია.

მძღოლ მერაბ ოკრიბელაშვილსაც დისკომფორტს უქმნის დაზიანებული გზა. ის მიიჩნევს, რომ დიდმა ავტომობილებმა ამ გზით არ უნდა იმოძრაონ.

-თავისთავად დროში ვერ ვეტევით. გადაადგილების გრაფიკები ირღვევა. ავტომობილი მიფუჭდება და მის რემონტზე დიდი თანხა მეხარჯება, – ამბობს მერაბ ოკრიბელაშვილი.

-გზა მოისპო. ახლა ცოტა შეარემონტეს,  მაგრამ ისევ ისე გააფუჭებენ. დაზიანებული გზა გვაფერხებს. დანიშნულების ადგილამდე დროულად ვერ მივდივართ. ამასთანავე მანქანაც გვიფუჭდება,- ამბობს მძღოლი ზურაბ ხიჯაკაძე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ „ამჟამად მიმდინარეობს ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგაც გზის მშენებლობისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება“.

ლიკა ხიჯაკაძე