ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღეს დილით  ინფექციური საავადმყოფოს წინ გამართულ ბრიფინგზე ახალი კორონავირუსის შემთხვევების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, 25 ახალი შემთხვევიდან ერთი ე.წ. „გაჩიანის წყაროდან“ არის, 16 – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთი სამედიცინო პერსონალია, 5 შემოტანილი – იმპორტირებული შემთხვევაა, ერთი აფხაზეთიდან გადმოყვანილი პირია, ხოლო ერთ პაციენტზე კონტაქტების დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. 

ქვეყნის მასშტაბით, კოვიდცენტრებში სულ 265 პაციენტი მკურნალობს; მათგან 27 – ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. კორონავირუსთან ერთად მათ ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სირთულისაა. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე მეორე ტალღაზე საუბარი არ არის. „ჩვენ ვხედავთ, რომ შემთხვევები პერიოდულად იმატებს ან მცირდება. ეს მოსალოდნელიცაა. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, რომ კორონავირუსი არსად წასულა. იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის „ზომიერი კლიმატი“, რაც ჩვენს ქვეყანაშია ვირუსის გავრცელების კუთხით, აუცილებელია რეგულაციების დაცვა. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვეულებისამებრ მუშაობს ყველა კონტაქტის გამოსავლენად. იმისთვის, რომ სამედიცინო სექტორის მუშაობა ეფექტური იყოს, რეგულაციები სამოქალაქო სექტორმაც უნდა გაითვალისწინოს. მოსახლეობას ვთხოვ, რომ დისტანცია დაიცვას . პირბადეების ტარება და დიდი თავშეყრის ადგილებისგან თავის შეკავება აუცილებელია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის კიდევ 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1250-ს მიაღწია. 

stopcov.ge-ის მიხედვით 10 აგვისტოს განახლებული  მონაცემები ასე გამოყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1250;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1010;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 17;
  • კარანტინის რეჟიმში – 7068;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.