რამდენიმე დღეა, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო საგნების პირველად შედეგებს აქვეყნებს. ამ დროისთვის უკვე გამოქვეყნებულია პირველადი შედეგები ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გეოგრაფიაში, მათემატიკაში, სამოქალაქო განათლებაში, ზოგად უნარებში, ისტორიასა და ქიმიაში.

სოციალურ ქსელში აბიტურიენტები თავისი მოლოდინებისა და შეფასებების შესახებ წერენ. ზოგიერთი მათგანი კმაყოფილია, ზოგი კი დამაბნეველ დავალებებსა და ორაზროვან კითხვებზე ამახვილებს ყურადღებას. 

თუ რა განწყობით ხვდებიან ხარაგაულელი  აბიტურიენტები პირველად ქულებს და რა მოლოდინები აქვთ საბოლოო შედეგების მიმართ, ამაზე ისინი თავად საუბრობენ. 

თამარ ჭიპაშვილი ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, მან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში 70-დან 66 ქულა მოიპოვა, ხოლო ისტორიის გამიცდაში 60-დან 55 ქულა აიღო.

თამარი იხსენებს, რომ გამოცდებმა ნერვიულობისა და სტრესის ფონზე ჩაიარა. კომპიუტერის ეკრანიდან საგამოცდო დავალებების აღქმაც მისთვის მარტივი არ იყო, თუმცა სასურველი შედეგის მოპოვება მაინც შეძლო და ამისთვის მასწავლებლებს მადლობას უხდის. თამარი ახლა ინგლისურის გამოცდის შედეგებს ელოდება. უნდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ისწავლოს და იმედი აქვს, რომ თავისი და საკუთარი ოჯახის იმედებს გაამართლებს. 

„თითოეულ საგანი თავის მხრივ ძალიან რთული იყო, მაგრამ ისეთი არა, რომ ვერ დაგეძლია. ჩემთვის განსაკუთრებით რთული მათემატიკა აღმოჩნდა, რადგან ტესტები იმგვარად შეცვლილი დამხვდა, როგორსაც არ ველოდი“, – ამბობს ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნიკა ბერაძე. ნიკამ მათემატიკაში 59-დან 49 ქულა მოიპოვა. ამბობს, რომ ინგლისურის გამოცდა სიამოვნებითა და ინტერესით წერა. ამიტომ კარგი მოლოდინები აქვს და სწავლის გაგრძელებას თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით გეგმავს.

მათემატიკის გამოცდის სირთულეზე საუბრობს ვარძიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული დავით კოჩაძეც. „მათემატიკის გამოცდის მიმართ დადებითად ვიყავი განწყობილი. ველოდი, რომ შედარებით მარტივი იქნებოდა. თუმცა, როცა ტესტები ვნახეთ, სულ სხვა სირთულის დაგვხვდა“, – ამბობს დავითი და აღნიშნავს, რომ სკალირებული ქულების გასაჯაროების შემდეგ, სავარაუდოდ, მათემატიკაში მისი ქულა მოიმატებს. ის სწავლის გაგრძელებას ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპიუტერულ პროგრამებზე აპირებს. 

გამოცდების პერიოდი ემოციურად რთული იყო ხარაგაულის გიმნაზიის კურსდამთავრებულ ნინო ჭიპაშვილისთვისაც. ნინოს თქმით, ნერვიულობის გამო ბევრი შეცდომა დაუშვა. ამიტომ ზოგიერთ საგანში შედეგებით უკმაყოფილოა. „ვფიქრობ, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის. ინგლისურის ქულების გამოქვეყნების შემდეგ უფრო შევძლებთ შედეგებზე საუბარს“, – ამბობს ნინო.

მას სწავლის გაგრძელება ორი მიმართულებით სურს. თავის საქმიანობას ან ფსიქოლოგიის სფეროს დუკავშირებს ან ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში თეატრალურზე დაიწყებს სწავლას. ნინოს თქმით, ორივე სფერო მისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მნიშვნელოვანია. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხოური ენების გამოცდების შედეგები მომდევნო კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება. შემდეგ სტუდენტებს მიღებული ქულების გაპროტესტების შესაძლებლობა ექნებათ.

საბოლოო შედეგები აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი. 

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია წარმატებას უსურვებს აბიტურიენტებს.

თამარ ჩხიკვაძე