საგანმანათლებლო მწვანე ბანაკი ბულაჩაურში ა/ო CENN-მა დააარსა.

აქ ერთ დიდ ოჯახად შეკრული ახალგაზრდები, ლიდერების დახმარებით, სწავლობენ გუნდურ მუშაობას, ტოლერანტობას, ზრუნვას, უმაღლდებათ თვითშეფასება, ხდებიან თავდაჯერებულნი და მოტივირებულნი.

ბულაჩაურის ბანაკში მოსახვედრად ხარაგაულის #2 სკოლის მოსწავლე თეკლა ებანოიძემ, წინასწარი რეგისტრაცია გაიარა, მოამზადა სამოტივაციო წერილი და საკმაოდ დიდ კონკურსში გაიმარჯვა – ბანაკის პირველივე ნაკადში მოხვდა. ბანაკის შესახებ ინფორმაცია თეკლამ „ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში“ ჩართვის შემდეგ მიიღო.

-ბანაკში წასვლა იმიტომ მსურდა, რომ მეტი ინფორმაცია მიმეღო თანამედროვე გამოწვევების შესახებ, გამეცნო სხვა სკოლების ლიდერები და გამეზიარებინა მათი გამოცდილება, – ამბობს თეკლა ებანოიძე, – ბევრ ბანაკში ვყოფილვარ, თუმცა ბულაჩაურის ბანაკი ყველასგან განსხვავდება თავისი ინფრასტუქტურით, გაწერილი პროგრამით, საგანმანათლებლო, გასართობი აქტივობებით.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ბანაკის პირველ ნაკადში მხოლოდ 13-მა მოსწავლე მიგვიღეს. ყოველდღიურად გვიტარდებოდა ტრენინგ-სემინარები თემებზე: კლიმატის ცვლილება, ნარჩენების მდგრადი მართვა, ევროპული ღირებულებები, ტყის მდგრადი მართვა, მწვანე მეწარმეობა და ინოვაციები, მდგრადი განვითარების მიზნები, სოფლის მდგრადი განვითარება, ეფექტური პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა.

ყველა სესია ძალიან საინტერესო და სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული.

ბანაკში ყოფნის ერთ-ერთ დღეს წავედით ლაშქრობაზე ჯუთა-ჭაუხში. ფეხით დაახლოებით ათი კილომეტრი გავიარეთ, ულამაზესი ადგილი დავლაშქრეთ, ბანაკელები უფრო დავახლოვდით, ერთ გუნდად შევიკარით, უკეთ გავიცანით ერთმანეთი.

ბულაჩაურის მწვანე ბანაკმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. შევიძინე ახალი მეგობრები, დავძლიე კომპლექსები, ჩართული ვიყავი ყველა აქტივობაში, ავიმაღლე გარემოსდაცვითი ცნობიერება, საერთოდ შეიცვალა ჩემი ცნობიერება ბევრი საკითხის მიმართ. გავუზიარე და გავიზიარე თანატოლების გამოცდილება. ბულაჩაურის ბანაკში გატარებულმა ერთმა კვირამ მე სრულიად სხვა ადამიანად მაქცია.

მსურს, ყველა ბავშვს მიეცეს საშუალება ამ ჯადოსნურ ბანაკში მოხვედრისა, რომ მიღებული ცოდნა გარემოს საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ. ვფიქრობ, ჩვენ ის თაობა ვართ, რომელმაც სამყარო უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს. ბულაჩაურის მწვანე ბანაკი კი ამის საუკეთესო შესაძლებლობაა.