სად აშენდება ხარაგაულის ახალი საავადმყოფო, – ამ თემაზე იმსჯელეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიისა და საკრებულოს 15 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომებზე. კომისიის თავმჯდომარის, გივი თხელიძის ინფორმაციით, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ კომისიის წევრთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ საავადმყოფოს ახალი შენობა სამგლიის სერზე, ყოფილი გაზკანტორის შენობის მოპირდაპირე მხარეს აშენდეს. მისივე თქმით, იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი და მოგვარდება ისეთი ინფრასტრუქტურული პრობლემები, როგორიცაა წყლის, გაზის, ელენერგიის, კანალიზაციის და სხვ.

საკრებულოს წევრის, ექიმ აზა ფურცელაძის თქმით, კომისიამ დიდხანს იმსჯელა იმაზე, თუ სად აშენდეს ხარაგაულში ახალი საავადმყოფო. „განვიხილეთ ორი ადგილი – ერთი გაზკანტორის მოპირდაპირე მხარეს არსებული ტერიტორია, მეორე ს/ს „ავტოტრანსსა“ და პარკს შორის მდებარე ადგილი. ბევრი არგუმენტი იყო ორივე ადგილთან დაკავშირებით. თუ დაბა ხარაგაულის ცენტრში მდებარე ადგილიდან საკანალიზაციო სისტემის სეპტიკის გადატანას დიდი დრო სჭირდება და ჩვენ ამასობაში საავადმყოფოს აშენების შანსს დავკარგავთ, მაშინ რა ვქნათ? ჩემი პირადი აზრი იყო, რომ აშენდეს დაბა ხარაგაულში, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ,“ – აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე აზა ფურცელაძემ.

დეპუტატ გელა გოლუბიანის აზრით, საუკეთესო გამოსავალია, რომ ჩატარდეს მოსახლეობის გამოკითხვა. მისივე თქმით, დაუძლეველი არ იქნება სეპტიკების გაუქმებისა და იქ საავადმყოფოს ასაშენებელი ტერიტორიის მოწყობის საკითხი.

დეპუტატ იური ლურსმანაშვილის თქმით, კი სამგლიის სერზე ზამთარში ტრანსპორტს მოძრაობა გაუჭირდება.

მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში საავადმყოფოს პრობლემის მოგვარება ორ ეტაპად განხორციელდება. „პირველ ეტაპზე, დეკემბრის ბოლომდე, უნდა მოეწყოს შენობა ისე, რომ დღეს არსებული სერვისები – გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორიული მომსახურება პაციენტებს გაეწიოთ გაუმჯობესებულ პირობებში, – აღნიშნა გამგებელმა საკრებულოს სხდომაზე, – 2015 წელს კი ხარაგაულში აშენდება ათსაწოლიანი საავადმყოფო. პირველ ეტაპზე აგებულ შენობაში განთავსდება დიაგნოსტიკური ცენტრი. იქვე უნდა განთავსდეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლება ამ საკითხზე დიდი ხანია მუშაობს და შევარჩიეთ ადგილი სამგლიის სერზე. თუ ჯანდაცვის სამინისტროს დღეს არ მივაწოდებთ წინადადებას, საქმე შეფერხდება. ინფრასტრუქტურას – წყლის, ბუნებრივი გაზისა და ელენერგიის მიწოდებას ჩვენ მოვაწესრიგებთ.“

eqimebi

რაც შეეხება ს/ს „ავტოტრანსსა“ და კულტურისა და დასვენების პარკს შორის მდებარ ტერიტორიას, გამგებლის თქმით, იქ მოქმედი სეპტიკები და ისეთი კომუნიკაციებია, რომ დიდი დრო დასჭირდება ადგილის მოწესრიგებას. გამგებელმა აღნიშნა, რომ პატარა ხარაგაულის მოსახლეობას სურს საავადმყოფო სამგლიის სერზე აშენდეს.

საკრებულოს სხდომაზე ისაუბრეს ს/ს „ავტოტრანსის“ მიერ საავადმყოფოს ასაშენებლად გარკვეული ტერიტორიის დათმობაზეც. დეპუტატ აკაკი მაჭავარიანის განმარტებით, ეს საკითხი უნდა გადაწყვიტონ აქციონერებმა.

დეპუტატ დავით კიკნაძის თქმით, იურიდიულად დროში გაიწელება ს/ს „ავტოტრანსის“ აქციონერებთან მოლაპარაკების, ადგილის გამოსყიდვისა და გაფორმების საკითხები.

რომან შერგელაშვილი: -თუ საკითხი არ მაქვს შესწავლილი, ვერც თანხმობას ვიტყვი და ვერც წინააღმდეგი წავალ. ჩვენ აღმასრულებელი ხელისუფლება ავირჩიეთ იმიტომ, რომ წარმოადგინონ ყოველმხრივ დასაბუთებული ინფორმაცია სად, რა, რატომ და როგორ აშენდეს. ჩვენ ვიმსჯელებთ, საავადმყოფოსთვის რომელი ტერიტორიის გამოყოფას დავუჭიროთ მხარი. საკითხი ასე უნდა განხილულიყო კომისიის სხდომაზე და კენჭისყრისთვის შემოეტანათ.

საკრებულოს აპარატის უფროსის, ლენა კალანდაძის თქმით, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში საკითხი კენჭისყრისთვის იმიტომ არ შეიტანეს, რომ არ არსებობს დოკუმენტი, თუ ვის საკუთრებაშია სამგლიის სერზე არსებული მიწის ნაკვეთი.

15 ოქტომბერს საკრებულოს სხდომაზე იმყოფებოდნენ ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმები. ქირურგ ზაური ჭუმბურიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტებისთვისაა, თუ სად აშენდება საავადმყოფო. „მეც მივალ და თქვენც სამგლიის სერზე, მაგრამ მწირია ჩვენი მოსახლეობის შემოსავალი და რომ ავიდეს იმ სიშორეზე, არ ექნება საშუალება. ჩხერიმელას ხეობის სოფლებიდან მატარებლით მომავალი ადამიანი არ ჩამოვა ხარაგაულში, ამხელა მანძილი რომ ექნება საავადმყოფომდე გასავლელი, და წავა ზესტაფონში. ფეხით მოდიან გასაცოდავებული მოქალაქეები ჩვენამდე და ახლა იმ სიშორეზე როგორ შეძლებენ ასვლას? ზამთარში იქ დიდი თოვლი იქნება. აქამდე არ ყოფილა საავადმყოფო და ახლა რატომ არის ასე სასწრაფოდ გადასაწყვეტი ეს საკითხი, არ მესმის,“ – აღნიშნა ზაური ექიმმა.

საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის თქმით, საავადმყოფო რომ უნდა აშენდეს, ამაზე ვთანხმდებით ყველა. „აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ეს საკითხი დაამუშავა ისე, რომ არ შეეკითხა ექიმებს. მედპერსონალთან შეხვედრისას სხვა მოსაზრებები მოვისმინეთ, – აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე ინგა მაღრაძემ, – ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ყველაფერი დაბა ხარაგაულის ცენტრში არ უნდა იყოს თავმოყრილი. კარგია, თუ ჩვენ შევძლებთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას სამგლიის სერზე, მაგრამ წყალმომარაგების პრობლემა ჩვენ პატარა ხარაგაულში დღემდე ვერ მოვაგვარეთ. ერთია, როცა იმედით ვუყურებთ მომავალს, მაგრამ ვხედავ რისკებს. ჩემთვის ბუნდოვანია, რა უფრო იაფი დაჯდება – ს/ს „ავტოტრანსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სეპტიკების მოშლა თუ სამგლიის სერზე კომუნიკაციების მიყვანა. რამდენად შევძლებთ დაზამთრებამდე ამ ინფრასტრუქტურის სრულყოფას. იმის მიუხედავად, რომ არ ვეთანხმები ყოფილი გაზკანტორის შენობის მოპირდაპირე ტერიტორიაზე საავადმყოფოს მშენებლობას, იმედს ვიტოვებ, რომ მივიღებთ შესაბამისად აღჭურვილ და ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულ სამედიცინო დაწესებულებას.“

საბოლოოდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ „მოწონებულ იქნეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში საავადმყოფოს მშენებლობისათვის აღმასრულებელი ორგანოს მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთი (დევდარიანის ქუჩა #8 –ს მიმდებარე ტეიტორია ) და მიეცეს თანხმობა განხორციელდეს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საავადმყოფოს მშენებლობა.“

ნინო კაპანაძე

 

ფოტოებზე: ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი საავადმყოფოსთვის ადგილის შესარჩევად სამგლიის სერზე არსებული დაუმთავრებელი შენობა და ტერიტორია 2 ოქტომბერს დაათვალიერეს;

ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმები საკრებულოს სხდომაზე