„არ ველოდით, ასეთ სიურპრიზს თუ მოგვიწყობდა ჩვენი გრიშა მასწავლებელი, ნანახმა და განცდილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა,“ – ამბობს ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი. ქალბატონი მაია, მოსწავლეთა სახლის პედაგოგები დარეჯან გვაძაბია, მაია ბლუაშვილი, ქეთევან ხარაძე, მაკა გიორგიძე, ანა გაჩეჩილაძე და 15 მოსწავლე თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 10-12 ოქტომბერს სტუდია „პიონერფილმის“ მიწვევით იმყოფებოდნენ

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის ერთობლივი პროექტი „კინოქალაქი სინემა – ხარაგაული“, უკვე რამდენიმე თვეა, ხორციელდება.

ამ პროექტის ფარგლებში ხარაგაულში 27 ივლისიდან 5 აგვისტომდე იმყოფებოდნენ სტუდია „პიონერფილმის“ დირექტორი გრიგოლ ჩიგოგიძე და სტუდია „პიონერფილმის“ 15 მოსწავლე. მათ ხარაგაულელ თანატოლებთან ერთად, გრიშა მასწავლებლის დახმარებით, შექმნეს ფილმების სცენარები, გადაიღეს ფილმები, რომლებშიც თავად მონაწილეობდნენ, დაამონტაჟეს კიდეც და ათდღიანი მუშაობის შემდეგ პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმების საჯარო ჩვენებაც მოაწყვეს ხარაგაულში.

გასულ კვირაში კი „პიონერფილმმა“ და თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ უმასპინძლა ხარაგაულელ კინომოყვარულებს ლანა ღონღაძეს, ფერიდე და დიანა ბერაძეებს (ბორის საჯარო სკოლა), ანა ბლუაშვილს, ზურაბ აბაშიძეს, გიორგი თავზარაშვილს, მარიამ ტალახაძეს, თამაზ მესხს, ნანა სვანიძეს, თამარ ლურსმანაშვილს (ხარაგაულის გიმნაზია), ნინო ტალახაძეს, ანა მაჭავარიანს, სალომე კვირიკაშვილს, ნინო ლაცაბიძესა და ვაჟა მაღრაძეს (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა).

10 ოქტომბერს სასახლის დათვალიერების შემდეგ მასპინძლებმა ხარაგაულელი მოსწავლეები კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს შეახვედრეს. საღამოს კი ტ/კ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ბრავო“ ჩაწერაზე მონაწილეობისთვის მიიწვიეს.

მეორე დღეს ხარაგაულელმა მოსწავლეებმა მასპინძლებთან ერთად თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი დაათვალიერეს. რუსთაველის გამზირზე კი ჩოხოსანთა ღონისძიებაში ჩაერთვნენ. საღამოს სასახლის სარკეებიან დარბაზში ხარაგაულელი და თბილისელი მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა მეგობრობის საღამო, რომელიც ორიგინალური ტორტით დაგვირგვინდა.

განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდათ ხარაგაულელ მოსწავლეებს შ. რუსთაველის სახელობის თეატრში, რობერტ სტურუას სპექტაკლის „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ შემდეგ. გრიშა მასწავლებელმა სპექტაკლში მონაწილე მსახიობებთან შეახვედრა ხარაგაულელი სტუმრები.

„სპექტაკლის შემდეგ გრიშა მასწავლებელმა შეგვიყვანა ერთ დიდ დარბაზში, სადაც დაგვხდა ყველა მსახიობი – გვიამბობს მაია ბლუაშვილი, – არაჩვეულებრივი შეხვედრა მოგვიწყვეს.  გულში ჩაიხუტეს ჩვენი ბავშვები, უთხრეს, რომ ძალიან უხარიათ, თეატრში რომ მივედით. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები.“

მესამე დღეს ვარსკვლავოსანმა სტუდიამ „პიონერფილმი“ ხარაგაულელი მოსწავლეები რეტრო მანქანების მუზეუმის დასათვალიერებლად მიიწვია. ამ მუზეუმმაც საინტერესო შთაბეჭდილება დატოვა ბავშვებზე.

-ამ პროექტის საბოლოო მიზანია ის, რომ ჩვენც გავხსნათ საბავშვო კინოსტუდია ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, – ამბობს მაია ბლუაშვილი, – ფინანსურ დახმარებას დაგვპირდა გამგებელი. აპარატურა გვექნება შესაძენი.

უნდა შევარჩიოთ სპეციალისტი, ვისაც შეეძლება სცენარის შექმნაც, ტექნიკასთან ურთიერთობაც და ეყვარება ბავშვებთან მუშაობა. გრიშა მასწავლებელი ყველანაირად დაგვეხმარება და გვერდით დაგვიდგება.

ანა მაჭავარიანი, პროექტის მონაწილე:ზაფხულში „პიონერფილმელებთან“ ძალიან დავახლოვდით. ხარაგაულში ნაყოფიერად გატარებული ათი დღის შემდეგ დაგვპირდნენ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდებოდა. ზაფხულში გადაღებულ ფილმში მსახიობი ვიყავი. ზაფხულის დღეებმა მომცა გამოცდილება ამ სფეროში. გავიგე, თუ როგორ უნდა გადავიღოთ ფილმები, როგორ შევქმნათ სცენარი, როგორ დავამონტაჟოთ.

თბილისში ყველაზე დიდი შთაბეჭდიება ჩემში დატოვა რუსთაველის თეატრში ნანახმა სპექტაკლმა „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“. ძალიან დიდი ემოციებით დატვირთული გამოვედით თბილისელი ბავშვებიც და აქაურებიც. რამდენიმე ცნობილი მსახიობიც მონაწილეობდა.

სასახლე ძალიან ლამაზადაა გაფორმებული. ყველაზე მეტად მომეწონა სარკეებიანი დარბაზი, სადაც ვაჩვენეთ ხარაგაულში გადაღებული ფილმები და გავმართეთ მეგობრობის საღამო.

ხარაგაულში მოსწავლეთა კინოსტუდიის შექმნა იგეგმება. რა თქმა უნდა, მეც ჩავერთვები.

ლაურა გოგოლაძე