საგანმანათლებლო მედიაპროექტმა „ეტალონი“ წელს მეორედ უმასპინძლა ხარაგაულელ მოსწავლეებს. ხარაგაულის საჯარო სკოლების მიერ შერჩეულმა მოსწავლეებმა ტესტირება ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიარეს. „ეტალონში“ მონაწილეობისთვის ათი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე გამოვლინდა: ანა კვინიკაძე  (წიფის საჯარო სკოლა); ნოდარ ხიჯაკაძე (ვარძიის საჯარო სკოლა); ქრისტინე გიორგაძე (ბორითის საჯარო სკოლა); მერი ღონღაძე (ვახანის საჯარო სკოლა); გიორგი კურტანიძე (ხევის საჯარო სკოლა); მარიამ ხიჯაკაძე (ბორის საჯარო სკოლა); მიხეილ ლურსმანაშვილი (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია); ქეთევან ცხადაძე (მოლითის საჯარო სკოლა); მარიამ თხელიძე (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა); არჩილ მაისურაძე (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია).

12 ოქტომბერს გადაცემა „ეტალონი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ჩაწერეს. პროექტის წლევანდელი გამარჯვებულია არჩილ მაისურაძე – ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მეთერთმეტეკლასელი.

არჩილთან ერთად ფინალში ასპარეზობდნენ ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი მარიამ თხელიძე და ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მეთორმეტეკლასელი მიხეილ ლურსმანაშვილი. ფინალისტებს და გამარჯვებულს შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

„ეტალონი არის პროექტი, რომელიც ემსახურება მამულიშვილურ საქმეს – ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის გაზრდას, – ამბობს მარიამ თხელიძე, – ჩვენ, ახალ თაობას, შესაძლებლობა გვეძლევა წარმოვაჩინოთ საკუთარი ცოდნა. უკვე მეორედ ვმონაწილეობ ამ პროექტში. ვთვლი, რომ ამჯერად ჩემი მონაწილეობა შედეგიანი აღმოჩნდა.“

სასულიერო გიმნაზიის მთეორმეტე კლასელი მიხეილ ლურსმანაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკამერების წინ კითხვებზე პასუხების გაცემას მაინც ახლავს დაძაბულობა. „თავიდან ცოტა ვნერვიულობდი. შემდეგ ჩემი თავი დავარწმუნე, რომ მხოლოდ კითხვებზე უნდა მეფიქრა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ფინალში გასვლა, – ამბობს მიხეილი და ფიქრობს, რომ „ეტალონში“ მონაწილეობამ საკუთარი თავის რწმენა და გამბედაობა შემატა. მიხეილის თქმით, პროექტი სიცოცხლისუნარიანია, რადგან ის პატრიარქის კურთხევით ხორციელდება.

„ძალიან სასიხარულო იყო, რომ „ეტალონის“ ჩაწერისას აჟღერდა ხარაგაულზე დაწერილი სიმღერა, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორი ქალბატონი დალი მერაბიშვილია. სიმღერა თინათინ ლურსმანაშვილმა, სალომე კვირიკაშვილმა და ანსამბლმა „უბისმა“ შეასრულეს, – გვიამბობს მიხეილ ლურსმანაშვილი, – ფინალისტები სხვადასხვა პრიზებით დაგვაჯილდოვა „ახალმა ნათებამ“, ტაოპრივატბანკმა, ხარაგაულის რესურსცენტრმა და მუნიციპალიტეტის გამგეობამ.“

„ეტალონის“ გამარჯვებული არჩილ მაისურაძე აღნიშნავს: „გონებაში სულ ვფიქრობდი, არ დავბნეულიყავი. პირველ სამ-ოთხ კითხვას რომ სწორად ვუპასუხე, გულზე მომეშვა. „ეტალონში“ მეორედ ვმონაწილეობდი. დაცდილი მაქვს – მეორე მცდელობაზე უფრო მიმართლებს,“ – ამბობს არჩილი და მიიჩნევს, რომ ოლიმპიადებისა თუ სხვა წერითი კონკურსებისას ფიქრისთვის მეტი დროა, „ეტალონში“ კი სწრაფად აზროვნებაა აუცილებელი. მისთვის ფსიქოლოგიურ სტრესთან ერთად სატელევიოზიო კონკურსში მონაწილეობა გარკვეული გამოცდილებაა. „საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ თუ ვერ მოვიგებდი, არ იქნებოდა ტრაგედია. მთავარია, უკმაყოფილების გრძნობა არ დამრჩენოდა საკუთარი თავის მიმართ,“ – ამბობს არჩილი და წარმატებებს უსურვებს ყველას, ვინც მომავალში „ეტალონში“ მიიღებს მონაწილეობას.

ნინო კაპანაძე