ჯანდაცვის ხარჯების დაახლოებით ნახევარი მედიკამენტებზე მოდის. პანდემიის პერიოდში გაძვირდა თუ არა და რამდენად ხელმისაწვდომია წამლები, ამაზე ხარაგაულელები საუბრობენ.

71 წლის თინა კურტანიძე ქრონიკული ავადმყოფია. აწუხებს წნევა, სახსრები, არითმია. როგორც თავად ამბობს, მთელი მისი პენსია თვიდან თვემდე წამლების შეძენას ხმარდება. მედიკამენტებს სრულად ვერ ყიდულობს და ნაწილ-ნაწილ, რამდენიმე დღის სამყოფს იძენს ხოლმე.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში წამლების ფასმა ორმაგად მოიმატა და მედიკამენტების შეძენაც უფრო გართულდა. ხარაგაულში „სახალხო აფთიაქის“ ფილიალში პარასკევობით ფასდაკლებით სარგებლობს. თუმცა, ძვირადღირებული წამლები სჭირდება და ფასდათმობა დიდ შეღავათს ვერ აძლევს.

თინა კურტანიძეს ხშირად უწევს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც. ის ხარაგაულის სასწრაფო დახმარებისა და საავადმყოფოს პერსონალს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მათი ყურადღებისა და დახმარების გარეშე არ იცის, რა ეშველებოდა.

პანდემიის პირობებში მედიკამენტების გაძვირებაზე საუბრობს 63 წლის მზია ნანიტაშვილი. 10 წელია, რაც მას წამლების მუდმივად მიღება უწევს. 6 წლის წინ მუხლზე ოპერაცია დასჭირდა. გვიამბობს, რომ მალამო ატროფასტში, რომელსაც ადრე 25 ლარად იძენდა, ახლა 65 ლარი გადაიხადა.

ზოგჯერ თვეში 200 ლარის ღირებულების მედიკამენტიც არ ჰყოფნის. ხშირად წამლის შეძენაში შვილი ეხმარება. „ყოველთვის ვერ ვყიდულობ საჭირო წამალს, რადგან ფინანსურად გვიჭირს. ახლა ექიმთან ვარ მისასვლელი, მაგრამ ვერ მივდივარ, ძვირიან წამლებს გამომიწერს და ვერ ვიყიდი“, – ამბობს მზია ნანიტაშვილი.

ის წამლებს, ძირითადად, ნისიად იძენს და ამისთვის ხარაგაულელ თამარ სხილაძეს დიდ მადლობას უხდის.

წლებია, რაც თამარ სხილაძე ხარაგაულში აფთიაქს ფლობს. მისი თქმით, წამლებზე ფასები 5-10%-ით პანდემიის დაწყებისთანავე გაიზარდა. პარაცეტამოლი, რომელიც 50 თეთრი ღირდა, ახლა ლარი და 10 თეთრი გახდა. პანდემიის პირობებში მოთხოვნა სხვა მედიკამენტებზეც გაიზარდა.

თამარ სხილაძის თქმით, მას მომხმარებლები ხშირად სთხოვენ რომელიმე ძვირიანი მედიკამენტის დაბალფასიანი ანალოგის შეთავაზებას, რომ საერთოდ წამლის შეძენა შეძლონ.

„ადამიანებს ძალიან უჭირთ. ხარაგაულის მოსახლეობა დაბალი მსყიდველობითუნარიანია და თვიდან თვემდე პენსიისა და ხელფასის იმედად უწევს ყოფნა“, – ამბობს თამარ სხილაძე.

ხარაგაულის სახალხო აფთიაქში ამბობენ, რომ ფასებზე მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის. სააფთიაქო ქსელმა ეს პროცესი დაარეგულირა, თუმცა ფასების ზრდისა და კლების ტენდენცია პერიოდულად ყოველთვის შეინიშნება და ეს პროცესი დოლარის კურსზე, ინფლაციასა და იმპორტზეც დამოკიდებულია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2020 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 1.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ – 6.1% შეადგინა.

უშუალოდ ჯანმრთელობის დაცვაზე ფასები გაზრდილია 7.5%-ით. ფასების ზრდა დაფიქსირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.6%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (10.2%) ქვეჯგუფებზეც.

ფინანსისტისა და ეკონომიკური სფეროს ექსპერტის ზვიად ხორგუაშვილის განმარტებით, ქვეყანაში ფასების ზრდას სამი ძირითადი მიზეზი აქვს.

„ერთი მიზეზი ქვეყანაში ფულის მასის ზრდაა. როცა ეროვნული ბანკი ქვეყანაში ზრდის ფულის მასას, ფასიც ნებისმიერ პროდუქტზე იზრდება. მეორე მიზეზი ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურებაა. საქართველოში მედიკამენტების უმეტესობა იმპორტირებულია და ამ ფონზე ინფლაციაც მასზე მკვეთრად მოქმედებს. მესამე მიზეზი, კი მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდაა.“

ზვიად ხორგუაშვილის თქმით, გამოსავალი ვერანაირად ვერ იქნება მედიკამენტებზე ხელოვნურად ფასების „დაჭერა“, რადგან ეს წამლების დეფიციტს შექმნის ან შავ ბაზარს წაახალისებს. გამოსავალი მთავრობის მიერ სწორი ეკონომიკური პოლტიკის შემუშავება იქნება.

მეტად უნდა გამკაცრდეს მონეტარული პოლიტიკა და სახელმწიფომ გადასახადები შეამციროს. „ასე მოსახლეობის გადახდისუნარიანობა უფრო გაიზრდება, თუმცა, სამწუხაროდ, ამ მთავრობამ აქამდე ისე მოგვიყვანა, რომ მოკლევადიანი გამოსავალი არ არსებობს“, – ამბობს ზვიად ხორგუაშვილი და აღნიშნავს, რომ სამომავლოდ ჯანდაცვის პოლიტიკა აუცილებლად უნდა გადაიხედოს.

თამარ ჩხიკვაძე