საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლის შეზღუდვა სერიოზული პრობლემაა როგორც ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობისთვის, ისე იმ მასწავლებლებისთვის, ვინც ამ ხეობის სკოლებში სხვადასხვა ქალაქებიდან დადიან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუთ სკოლაში – წიფაში, მოლითში, ზვარეში, ვახანსა და მარელისში ხაშურიდან, ზესტაფონიდან და ხარაგაულიდან 39 მასწავლებელი მუშაობს. ყველა მათგანი „მასტერაოს“ დაჰყვებოდა.
მარელისის სკოლაში ექვსი მასწავლებელი ხარაგაულიდან, ექვსი კი ხაშურიდან დადის. სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე ამბობს, რომ თუ „მასტერაოს“ მოძრაობა არ აღდგა, სასწავლო პროცესი ჩაეშლება – რამდენიმე კლასში ქართულის, მათემატიკის, ქიმიის, ინგლისურის, მუსიკისა და დაწყებითი კლასების გაკვეთილები ვერ ჩატარდება.
– მასწავლებელმა ჩქაროსნული მატარებლით რომ იმგზავროს, დღეში 14 ლარი დასჭირდება, – ამობს ვერა ოდიკაძე, თუმცა, ჩქაროსნული მატარებელი მარელისში იმ დროს მოდის, რომ გაკვეთილების ჩატარებას მაინც ვერ მოასწრებს. კერძო ტრანსპორტი რომ დაიქირავონ, გადახდას ვერ შეძლებენ. მარელისში ბინის ქირაობა როგორ შევთავაზო, თითქმის ყველას პატარა შვილები ჰყავს.
ჩვენი მდგომარეობა განსაკუთრებით რთულადაა. წელს მარელისის სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა და ვფიქრობ, სამუშაოები სასწავლო პროცესის დაწყებას დაემთხვევა. სოფელ მარელისის კორპუსში უნდა გადავიდეთ და ყველაფერი „მასტერაოს“ განრიგზე გავთვალე. გამოუვალი მდგომარეობაა.
ყოფილი მერი ნიკო თოფურიძე დაგვპირდა, რომ „მასტერაო“ მგზავრების გადაყვანას 25 ივლისიდან შეძლებდა. ის უფრო ადრე წავიდა თანამდებობიდან და ეს პრობლემა ისევ მოუგვარებელია.
ხაშურიდან ზვარის სკოლაში ყოველდღე „მასტერაოთი“ დადიოდნენ ცოლ-ქმარი – ისტორიისა და ქართულის მასწავლებლები, – ამბობს ზვარეს სკოლის დირექტორი ნატო შათირიშვილი – შვილიც ჩვენს სკოლაში დაჰყავთ. „მასტერაოს“ დანიშვნა უმნიშვნელოვანესია ჩხერიმელას ხეობისთვის და ამ პრობლემის მოგვარებაზე ყველამ უნდა იზრუნოს – ადგილობრივმა ხელისუფლებამ, დეპუტატმა და „საქართველოს რკინიგზამ“.
– დღე და ღამე მაგ საკითხზე ვფიქრობ, როგორ ივლის ხაშურიდან ჩვენს სკოლაში 9 მასწავლებელი, ბუღალტერი და საქმის მწარმოებელი, – ამბობს წიფის სკოლის დირექტორი გოჩა კვინიკაძე, – მიკროავტობუსი სოფლიდან ხაშურში სამშაბათს და შაბათ-კვირას დადის. რატომ არ ესმით „საქართველოს რკინიგზაში“, რომ „მასტერაოთი“ მგზავრების გადაყვანის აღდგენა ჩხერიმელას ხეობის სოფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია?!
– მასწავლებლებმა 60 ლარი გადაიხადეს ტაქსში ხარაგაულიდან მოლითამდე. უფრო ძვირი იქნება ხაშურიდან მგზავრობა, რადგან გზაც უფრო ცუდ მდგომარეობაშია და მანძილიც მეტია, – ამბობს მოლითის სკოლის დირექტორი როლანდი ცუცქირიძე, – სახელმწიფო მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე ზრუნავს და სკოლაში მასწავლებელები თუ ვერ მოვიდნენ, რა გვეშველება?! ჩვენს სკოლაში დასაქმებული 20 მასწავლებლიდან 11 ამ მატარებელზეა დამოკიდებული. ეს ჩვენი ხეობის სკოლების პრობლემაა და სასწავლო პროცესი რომ არ ჩაგვეშალოს, ამის მოსაგვარებლად ერთად უნდა ვიბრძოლოთ.
სკოლაში სასწავლო პროცესზე პირადად მე ვარ პასუხისმგებელი და ეს საკითხი განათლების სამინისტროს აუცილებლად უნდა ვაცნობო. „მასტერაოთი“ მგზავრობა უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე მგზავრებით გადაჭედილი მიკროავტობუსებით, რასაც მერია თანამონაწილეობის სახით აფინანსებს.
„მასტერაოს“ გარეშე ვერ შეძლებენ ვახანის სკოლაში მისვლას ფიზიკის, ხელოვნების, მუსიკისა და ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლები.
ხაშურიდან ყოველდღე დადიოდა მარელისის სკოლაში ქართული ენის მასწავლებელი ირინე კუპატაძე.
– „მასტერაოს“ გარეშე მარელისში სიარულს ვერანაირად ვერ შევძლებთ, – ამბობს ირინე, – ჩქაროსნულ მატარებელში ყოველდღიურად შვიდი ლარი რომც გადავიხადოთ, ისეთი გრაფიკით მოძრაობს, გაკვეთილებს ვერ ჩავატარებთ. ტაქსი რომ დავიქირაოთ, ასი ლარი უნდა დღეში. ხუთზე მეტი იმ მანქანაში ვერ დავსხდებით. ყოველდღე 20 ლარი გზაში დამჭირდება. გამოდის, რომ სამსახურის გარეშე დავრჩებით. გაურკვეველია, რა გვეშველება.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე იმედოვნებს, რომ სწავლის დაწყებამდე „საქართველოს რკინიგზა“ „მასტეროს“ დანიშნავს. თუმცა, ამის შესახებ მას გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან არ უსაუბრია. მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ განათლების სამინისტროს პრობლემის შესახებ ამ დღეებში აცნობებს.
ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის ამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ პასუხს „საქართველოს რკინიგზადან“ ელოდება ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე.
ამ უწყებიდან კი, ჯერჯერობით, საიმედოს ვერაფერს გვეუბნებიან, რადგან საგარეუბნო მატარებლებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვას ვერ ახერხებენ!
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი