ხარაგაულის საპატიო მოქალაქეს, მწერალს, პოეტსა და ჟურნალისტ ლინა ბარათაშვილს დღეს 78 წელი შეუსრულდა.

გამომცემლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ულოცავს ქალბატონ ლინას იუბილეს და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.

გთავაზობთ ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის რეჟისორის, იზა ვეფხვაძის წერილს ლინა ბარათაშვილის შესახებ და ქალბატონი ლინას ლექსს.

გვეამაყებით, ქალბატონო ლინა!

არახალია, რომ ხარაგაულელისათვის ხარაგაულელობა მარტო სადაურობა არ არის. ის „წოდებასავით“ და „ტიტულივით“ გახლავთ, რადგან ამ მშვენიერი ადგილის ხსენება მუდამ კეთილშობილებასთან, ნიჭიერებასთან, ზნეკეთილობასთან ასოცირდება და კიდევ იმასთან, რომ აქ დაბადებულმა ადამიანებმა დიდი კვალი დატოვეს და კვლავაც ტოვებენ მეცნიერებისა თუ ხელოვნების სხვადასხვა დარგებში, მწერლობაში.

მათ შორის გამორჩეულია მშვენიერი ქალბატონი, პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი ლინა ბარათაშვილი.

რამდენიმე თვის წინ ჩემს ფეისბუქ გვერდზე მკითხველს გავუზიარე მისი მშვენიერი ლექსი „ტატოს“, რომელიც ჩემი და წინა თაობის ახალგაზრდების „საუბნისწიგნაკო“ ლექსი გახლდათ და თითქმის ყველამ ზეპირად იცოდა, რადგან ამ იშვიათ სტრიქონებს საოცარი ემოციით მოჰქონდა დიდი რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სულის გვემა და წუხილი სატრფოს დაკარგვის გამო…

ეს სევდიანი სიყვარულის ისტორია და ქორწილის სცენა ჭავჭავაძის სასახლეში გულგრილს ვერ ტოვებდა მკითხველს და ქალბატონ ლინა ბარათაშვილის ლექსი, შეიძლება ითქვას, რომ შედევრად იქცა.

ამ ლექსის გამოქვეყნებას ჩემს გვერდზე მკითხველთა შორის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. წერდნენ, რომ ეს ლექსი ეკუთვნოდა ოთარ შალამბერიძეს, მარიკა ბარათაშვილს, მუხრან მაჭავარიანს და ა.შ., ათამდე სხვადასხვა ავტორს.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი ლექსის პოპულარობაზე მეტყველებდა, თან ყველა აღნიშნავდა, რომ ეს მისი თაობის უსაყვარლესი ლექსი იყო და ყველამ ზეპირად იცოდა. ამღერდა კიდეც ეს ლექსი, სიმღერად და ტკბილხმოვან სტრიქონებად ეფინებოდა ქართველთა გრძნობებს.

ეს პოლემიკა დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე თავად ავტორი, ლინა ბარათაშვილი არ ჩაერთო და მკითხველს მიუთითა თავისი იმ კრებულისა და გვერდის შესახებ, სადაც პირველად დაიბეჭდა ლექსი. მანამდე კი, ხარაგაულის რაიონულ გაზეთში დაბეჭდილა.

აი, როგორ გამოეხმაურა მკითხველს ქალბატონი ლინა: „ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა ეს ლექსი დავწერე, სულ ოცი წლისა. ხარაგაულის რაიონულ გაზეთში გამოვაქვეყნე 1968 წლის 5 სექტემბერს. მერე ლექსი ამღერდა, საკმაოდ მელოდიური სიმღერაა, მაგრამ დღემდე არ ვიცი, ვინ არის სიმღერის ავტორი. ჩემი ლექსის ავტორობას, თურმე, ხან ვის მიაწერენ, ხან ვის…“

მინდა მკითხველს კიდევ ერთხელ ვამცნო სიამაყით, რომ „ლექსი შედევრის“ ავტორი ჩვენი თანამემამულე, ჩვენთვის ძვირფასი და საამაყო ქალბატონი – ლინა ბარათაშვილი გახლავთ, რომელმაც „გაამზითვა“ მშვენიერი ქართველი ასულები, ბავშვებს საქართველოს ისტორიის ფურცლები გადაუშალა და შეაყვარა, პოეზიის მოყვარულთ გული გაუთბო, ყველაზე დიდ ქართველ რომანტიკოსს კი ისეთი ლექსი უსახსოვრა, რომელიც მკითხველს სულის ჭრილობებს უხსნის, გრძნობებს უდუღებს და დღემდე აფიქრებს ამ სევდიანი სიყვარულის უსასრულობასა და მარადიულობაზე.

ახლახან, ქალბატონი ლინა დიდუბის საპატიო მოქალაქე გახდა. უფრო ადრე კი მას საპატიო ხარაგაულელობა ებოძა… და რაც ყველაზე მთავარია, იგი საპატიო ადამიანი გახლავთ განვლილი გზითა და ცხოვრების წესით… გვიყვარს და გვეამაყება მისი ხარაგაულელობა.

იზა ვეფხვაძე

 ტატოს
ობოლ სულის,
შენი სულის
სალოცავად
წინანდალი
აღმართულა
მარტო.
ბილიკი აქვს
და დამრეცი,
გვიანია,
ნუღარ მიხვალ,
ტატო.
ქორწილი აქვს
ჭავჭავაძეს სასახლეში,
დედოფლის შუქს
ჭერზე ჭაღი
ნატრობს.
სიხარულის
მზე ანთია
სასახლეში
და შენს სანთელს
დადიანი აქრობს.
ჰა, დაიძრა
მაშხალების
მაყრიონი,
შენ კი სევდამ
მოგაკითხა
მარტო.
სულის გვემას
ვაჟკაცურად
გაუძელი,
სხვით აბა რით
განუგეშო, ტატო.
ბედის სასწორს
თითქოს შენსკენ
შენსკენ ხრიდნენ,
ნუთუ ერთმა
გადაგძლია მარტო.
სულში ზოდად
პოეზიის
მადანი გაქვს,
რას დაგჯაბნის
დადიანი, ტატო.
ქორწილია
ჭავჭავაძის სასახლეში
ვინ დაგტოვა
შენ სევდასთან
მარტო,
გზა იწყება
უვალი და ძნელი,
ვაჟკაცურად
გადალახე, ტატო.
ლინა ბარათაშვილი