„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED)“ 2016-2019 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და თანამშრომელთა საქმიანობის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

დოკუმენტში შესწავლილია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლების შრომითი ანაზღაურების წესი (ხელფასი, დანამატი და პრემია/ფულადი ჯილდო) და არსებული პრაქტიკა.

ანგარიშის მიზანია გააანალიზოს, რა პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა საარჩევნო ადმინისტრაციაში შრომის ანაზღაურების გაცემის წესთან დაკავშირებით და რა გამოწვევების წინაშე დგას ამ მიმართულებით დაწესებულება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციისა და საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებაში გაცემული პრემიის/ჯილდოს და სახელფასო დანამატის ოდენობა ცვალებადია, რის გამოც გაუგებარია, რა კრიტერიუმებით ხდება გასაცემი თანხის ოდენობის განსაზღვრა.

საარჩევნო თვეებში, გაორმაგებულ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, დანამატიც გაიცემა, რისი მიზნობრიობაც გაურკვეველია, რადგან კანონით განსაზღვრული გაორმაგებული სარგო სწორედ არანორმირებული სამუშაო გრაფიკის გამო გაიცემა.

ცესკოს თანამდებობის პირებზე და ცესკოს წევრებზე 2016-2017 წლებში ხშირად გაიცემოდა როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში თითქმის თანამდებობრივი სარგოს ტოლი ან უფრო დიდი რაოდენობის პრემია ან დანამატი, მაშინ როცა საარჩევნო თვეებში ისინი ისედაც გაორმაგებულ თანამდებობრივ სარგოს იღებდნენ. მსგავსი 2019 წელს მხოლოდ ივნისის თვეში ფიქსირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ცესკო დადგენილებით აწესრიგებს ფულადი სახსრების განაწილების წესს საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, რაც მათ მიერ მოთხოვნის ფორმების წარდგენის შემდეგ განისაზღვრება, არ არის განსაზღვრული ის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც ცესკოს ამ გადაწყვეტილებას, კერძოდ ერთგვაროვნების პრინციპის მიხედვით ფულადი სახსრების განაწილების წესს უფრო ნათელ და განჭვრეტად ჩარჩოებში მოაქცევს.

არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ცესკო ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების დახმარე და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების ოდენობებს.

არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები და საფუძვლები, რომელზე დაყრდნობითაც საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს მიერ დადგენილი ზღვრული თანხების ფარგლებში ადგენენ კონკრეტულ თანამდებობრივ სარგოს პოზიციების მიხედვით.

საჯარო ინფორმაციისა და კანონმდებლობის ანალიზთან ერთად, „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეიმუშავა სამართლებრივი შინაარსისა და მონაცემთა გამჭვირვალობის სტანდარტისათვის შესაბამისი რეკომენდაციები.

წყარო