ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა და კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი გამოიკვლია.

ფოკუს ჯგუფები ჩატარდა ონლაინ, Zoom-ის გამოყენებით, საერთო ჯამში 1 550 რესპონდენტთან.

კვლევა მიმდინარეობდა 10 ფოკუს ჯგუფის ჩართულობით 5 ქალაქში: – თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, მარნეულსა და ახალქალაქში.

რატომ კორონავირუსთან დაკავშირებით?

იმიტომ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სიცრუეში შემყვანი, შუღლის გამღვივებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელება აძლიერებს შიშს და დაბნეულობას, რაც ხელს უწყობს:

  • საზოგადოებაში ჯანდაცვის ზომების დაუმორჩილებლობას;
  • პოლიტიკურ კონფლიქტს;
  • საინფორმაციო სივრცის დაბინძურებას;
  • არადემოკრატიული ძალების გაძლიერებას.

NDI-ის ამ კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ

  • მოსახლეობის უმეტესობას კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია აღელვებს, თუმცა ამავე დროს დარწმუნებულია, რომ ტყუილისა და სიმართლის გარჩევა შეუძლია.
  • ლუგარის ლაბორატორიამ, რომელიც დეზინფორმაციული შეტევის ხშირი ობიექტია, მოსახლეობის უმრავლესობისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. მოქალაქეების 66 პროცენტი ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.
  • ევროპული და ევრო-ატლანტიკური კავშირების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის
    კამპანიების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად უჭერს მხარს ევროკავშირსა (76 პროცენტი) და ნატო-ში გაწევრიანებას (69 პროცენტი).
  • საინფორმაციო წყაროების სანდოობის კუთხით, მოსახლეობის 90 პროცენტი – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს, 85 პროცენტი – საქართველოს ხელისუფლებას, 73 პროცენტი – ჟურნალისტებს/მედიას, 66 პროცენტი – ადგილობრივ ხელისუფლებას, ხოლო 61 პროცენტი რელიგიურ ლიდერს/ეკლესიას ენდობა.
  • საქართველოს მოსახლეობა კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიიდან, სოციალური ქსელებიდან და ახლობლებისგან იღებს.
  • კითხვაზე თუ რაზე დაყრდნობით წყვეტენ ფეისბუქზე კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარია თუ არა, მათი 61 პროცენტი ვინც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან იღებს ამბობს, რომ ინფორმაციის წყაროს ან მედია საშუალებას აკვირდება, ხოლო 37 პროცენტი საკუთარ
    ინსტიქტებს ენდობა.
  • კვლევის თანახმად, მოქალაქეების 73 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17 პროცენტი
    მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.
  • მოსახლეობის 80 პროცენტი კვლავ ღელავს, რომ ის ან მისი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის
    ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა (38 პროცენტი აიცრებოდა).

პანდემიასთან დაკავშირებით, საქართველოში საზოგადოებრივი განწყობის კვლევა  NDI-ის დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ, დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.