
კიცხელი შმაგი ავალიშვილი იმ სტერეოტიპს ამსხვრევს, რომ თითქოს ხარაგაული მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესო მხარეა.
ახალგაზრდა მევენახე-მეღვინე იმერული ვაზის ჯიშებისგან ღვინოს ქვევრში აყენებს და ბოთლებში ასხამს.
ის საკუთარი ხელით აშენებს საჩვენებელ მცირე მარანსა და სადეგუსტაციო სივრცეს.
შმაგი ავალიშვილი კიცხში, საკუთარ მამულში, მევენახეობა-მეღვინეობის განსავითარებლად ჩართულია პროექტში „ღვინის სოფელი“, რომელიც იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
ამ პროქტის მონაწილეთა შესარჩევად „ღვინის კლუბის“ ექსპერტებმა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში 25 მარანი მოინახულეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში შმაგი ავალიშვილის ღვინის მარანი სპეციალისტებისგან შერჩეულ 14 მარანს შორისაა.
– პროექტის ფარგლებში „ღვინის კლუბის“ ექსპერტები – პროფესიონალი მეღვინეები და მარკეტინგის სპეციალისტები ადგილზე ჩაგვიტარებენ მასტერკლასებს, თუ როგორ გავაშენოთ ვენახი, როგორ მუვუაროთ მას, როგორ მოვაწყოთ მარანი ისე, რომ ის მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის, როგორ ვითანამშრომლოთ ტურისტულ კომპანიებთან, – გვიამბობს შმაგი ავალიშვილი, – ეს ყველაზე დიდი მხარდაჭერაა დამწყები მევენახე-მეღვინესთვის.
შმაგი ავალიშვილი ორი წელია „ღვინის კლუბის“ მიერ ორგანიზებულ ღვინის ყოველწლიურ ფესტივალში მონაწილეობს. პროექტში ჩართვა სწორედ ამ კლუბის წარმომადგენლებმა შესთავაზეს.
ახალგაზრდა მეღვინეს ოჯახი, წლებია, ნატურალურ ქვევრის ღვინოს აწარმოებს. შმაგიმ კი სამი წლის წინ ღვინის ბოთლში ჩამოსხმა დაიწყო. „ავალიშვილის ღვინო“ თბილისში რამდენიმე მაღაზიაში იყიდება.
იმერეთში მეღვინეობის განვითარებისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობებია, – ამბობს შმაგი, – კახეთმა ღვინის წარმოებაში თავისი სიტყვა უკვე თქვა. ახლა იმერეთის ჯერია.
ციცქა-ცოლიკაური მეტნაკლებად ყველამ იცის, მაგრამ იმერეთში ადრე კარგად ხარობდა ვაზის ისეთი ჯიშები, რომლებიც დღეს გადაშენების პირასაა და მათი ნერგი რამდენიმე სანერგე მეურნეობაშია შემორჩენილი.
ვფიქრობ, კიცხში რამდენიმე იშვიათი ჯიშის ვენახი გავაშენო.
ვენახს მხოლოდ ბორდოთი და გოგირდით ვწამლობთ, რაც ბიომევენახეობასა და ნატურალური ღვინის წარმოებაში მნიშვნელოვანია.
ავალიშვილის ღვინის მარანი ახლა მშენებლობის პროცესშია. შმაგი ავალიშვილი მომავალ წელს ტურისტებს ღვინის დეგუსტაციას საკუთარ მარანში იმერულ სუფრასთან ჰპირდება.
ნინო კაპანაძე
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო