ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის სტიპენდიანტები გამოავლინა.

კონკურსით შერჩეული ახალგაზრდები საჩხერის, ჭიათურის, გორის, ქარელის, თელავის, ზუგდიდისა და ქედას მუნიციპალიტეტებში მოქმედ პროგრამებსა და სამსახურების მუშაობას შეისწავლიან. კვლევის შემდეგ ისინი მუნიციპალიტეტებს არსებული პრაქტიკის შესაცვლელად საკუთარ წინადადებებს შესთავაზებენ.

კონკურსს – ახალგაზრდები თვითმმართველობისთვის – ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, მესამე წელია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

ამ ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი შალვა ჩხეიძე ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. წელს შვიდ მუნიციპალიტეტში სტაჟირების გავლის სურვილი 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა. თითოეულ მუნიციპალიტეტში ორ-ორი გამარჯვებული კონკურსანტი იმუშავებს.

– თვითმმართველობის საქმიანობით დაინტერესებული ახალგაზრდები ერთი თვის განმავლობაში ადგილზე შეისწავლიან რომელიმე პროგრამას ან სამსახურის საქმიანობას, – ამბობს შალვა ჩხეიძე, – შემდეგ კი ადგილობრივ თვითმმართველობებს სთავაზობენ, რომ არსებული პრაქტიკა უკეთესით ჩაანაცვლონ.

ჩვენგან შერჩეულმა ახალგაზრდებმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფორმაცია მოიძიეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თავისუფალ მიწებზე;

გორში ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტში ახალგაზრდული პროგრამების დაგეგმვა შესთავაზეს;

თელავის თვითმმართველობას მოქალაქეთა მიღების პროცესი გაამარტივებინეს და სხვ.

ეს სასტიპენდიო პროგრამა არის საუკეთესო შანსი, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი წვლილი შეიტანონ მშობლიური კუთხის განვითარებაში. მუნიციპალიტეტებს აქვთ შესაძლებლობა, მოაგვარონ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

შალვა ჩხეიძე ამბობს, რომ მომავალი წლიდან პროგრამაში „ახალგაზრდები თვითმმართველობისთვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტსაც ჩართავენ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში პროექტის გამარჯვებულები ელენე გოგოლაძე და გიორგი ღუღუნიშვილი არიან.

-ამ კონკურსში გამარჯვება არის საუკეთესო შესაძლებლობა, ახლოს გავეცნო თვითმმართველობის საქმიანობას, – ამბობს გიორგი ღუღუნიშვილი, – უმაღლეს განათლებას პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით ვიღებ და თვითმმართველობაში მიღებული გამოცდილება სამომავლოდ გამომადგება.

მერიაში პრაქტიკა აგვისტოს პირველი რიცხვებიდან დაიწყება. ერთი თვის განმავლობაში უნდა ჩავატაროთ კვლევა თანამონაწილეობის საკითხებზე. მიხარია, რომ მშობლიური ქალაქის განვითარებაში წვლილს შევიტანთ.

ნინო კაპანაძე