უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ღია ტიპის სტადიონებზე გამართულ სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული ინიციატივით საბჭოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიმართა. ღია ტიპის სტადიონებზე მაყურებელი დაიშვება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისა და პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ასევე განისაზღვრება მაყურებელთა რაოდენობა თითოეული მოედნისა და სტადიონის შემთხვევაში.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უკვე ნებადართულია ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, სადღესასწაულო, რიტუალური და სხვა ტიპის ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით, დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ხოლო რეპეტიციების ჩატარება – დახურულ სივრცეში.