ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი. დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეს   ძალიან დამაფიქრებელი ინდიკატორია.

მისივე ინფორმაციით, დღეს დადასტურებული ახალი შემთხვევიდან 3 პაციენტი იმ რეგიონიდანაა, რომელიც ე.წ. ცხელი წერტილი ხდება. ეს რეგიონი გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაჩიანის დასახლებაა.

ერთი კვირის განმავლობაში დადასტურებული 63 შემთხვევიდან 7 შემთხვევის წყარო დაუდგენელია. შემთხვევების უმეტესი წილი კი გარდაბნის მუნიციპალიტეტზე მოდის.

„ბოლო თვენახევრის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობდა ინფიცირებულთა რაოდენობას, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოხდა რევერსი – ახლა ინფიცირებულების რაოდენობა აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას. ამიტომ შესაბამისი ზომებია გასატარებელი“.

გამყრელიძის განმარტებით, გარდაბანში დაფიქსირებული შემთხვევები, შემთხვევათა საერთო რაოდენობის 2%-შეადგენს. ამ დროისთვის ვირუსი უკვე 24 ადამიანს დაუდასტურდა. 96 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი. დღეს დილიდან მუნიციპალიტეტში გაფართოებული ტესტირება დაიწყო და ადგილზე ექიმების 6 ჯგუფი მუშაობს.