იმერეთის რეგიონში ყირიმ-კონგოს ცხელებით მამაკაცი დაიღუპა.
იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა გიორგიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, წყალტუბოში მცხოვრებ მამაკაცს ყირიმ-კონგო ათი დღის წინ დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.

გოჩა გიორგიძის თქმით, იმერეთში ყირიმ-კონგოს დაავადება იშვიათია.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა. ვირუსის ძირითადი გადამტანია ტკიპა. ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება.

ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან ცხოველებთან კონტაქტში მყოფი ადამიანები – მწყემსები, ფერმერები.

დავინტერესდით, რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ ამ დაავადების საწინააღმდეგოდ. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ავთო ვეფხვაძის ინფორმაციით, ეს დაავადება იმერეთის რეგიონში წლებია არ დაფიქსირებულა.

„2014 წლიდან ვმუშაობ სურსათის ეროვნულ სააგენტოში, მაგრამ ეს დაავადება იმერეთში, ამ წლების განმავლობაში, არ დაფიქსირებულა, – ამბობს ავთო ვეფხვაძე, – ყირიმ-კონგოს შემთხვევები განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება, რადგან დაავადების გადამტანი პარაზიტი სწორედ ცხელ დღეებში აქტიურდება. მოსახლეობას ვურჩევ, რომ დაამუშაონ ცხოველები ტკიპებზე.

თუ ფერმერი გადაწყვეტს, რომ ცხოველს ტკიპა ხელით მოაშოროს და არა პრეპარატით, მაშინ ერთჯერადი ხელთათმანი უნდა გამოიყენოს. არის პრეპარატები, რომლის კანზე წასმის შემდგომ ცხოველი ამ პარაზიტისგან ერთი თვის განმავლობაში დაცულია “.

ლიკა ხიჯაკაძე