
მეექვსე თვეა, ხარაგაულელი თამარ სხილაძე პარიზში, პარიზი 8-ის უნივერსიტეტში სწავლობს.
ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფრანგული და სკანდინავიური ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ენების შესწავლით, რადგან თვლის, რომ ენების ცოდნა უფრო მეტ შესაძლებლობას ნიშნავს.
„ენების სწავლა ძალიან აზარტულია, – გვიამბობს თამარი, – ჩემი დაც რამდენიმე ენას ფლობს და ხშირად ვაკეთებთ პარალელებს სხვადასხვა ენის ჯგუფების მსგავსება-განსხვავებაზე. ეს პროცესი საინტერესოა“.
უნივერსიტეტში ერასმუსის სპეციალურ ფრანგულენოვან პროგრამაზე დარეგისტრირდა და დადებითმა პასუხმაც არ დააყოვნა. იანვარში პარიზში ფრანგული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით დაიწყო სწავლა. სწავლის დაწყებისთანავე დაინახა განსხვავება ქართულ განათლების სისტემასთან.
„საფრანგეთში სასწავლო პროცესი გამოცდებზე არ არის ორიენტირებული. არ გიწევს უზღვავი თეორიული მასალის დამუშავება. განრიგიც ისეა გადანაწილებული, რომ ყველაფრის ორგანიზებას უკეთესად ახერხებ, ვიდრე ჩვენთან. აქ სტუდენტებს მეტი საშუალება ეძლევათ, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ჰქონდეთ სამსახური და იყონ დამოუკიდებლები. ეს საქართველოში, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია.
სტუდენტებისა და ლექტორების დამოკიდებულებაში გრძნობ, რომ ევროპის უნივერსიტეტებში სწავლა არჩევანია და არა უალტერნატივო გზა სკოლის დასრულების შემდეგ“.
თამარს მიაჩნია, რომ ქართველები ბევრ ინფორმაციას ვფლობთ და ზოგადი განათლების თვალსაზრისით მეტად წინ ვართ ევროპელებთან შედარებით.
პანდემიის პერიოდში თამარი ონლაინ ლექციებს ესწრებოდა, ზოგიერთ საგანში კი დავალებების შესრულება უწევდა. თავისუფალ დროს ნაყოფიერად იყენებდა. დაინტერესებულია კინემატოგრაფიითა და ლიტერატურით. უყვარს უცნობი ადგილების მონახულება. მაისის შუა რიცხვებიდან, როდესაც კარანტინი მოიხსნა, ბევრ საინტერესო ადგილს გაეცნო. საქართველოში, გამკაცრებული რეგულაციების გამო, დაახლოებით ორი თვე მაინც ვერ ჩამოვა. ამიტომ ცდილობს, თითოეული დღე დაუვიწყარ მოგონებად აქციოს.
„ოენოლოგიის ანუ ღვინის მეცნიერებების მიმართულებით მინდა სწავლის გაგრძელება, – ამბობს თამარი, – ასევე მსურს, სინქრონულად თარგმნას დავეუფლო. იმედი მაქვს, ყველაფერი გამომივა“.
ლიკა ხიჯაკაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის