ბაზალეთის სკოლაში ახალ სასწავლო წელს პირველკლასელი არ ეყოლებათ.

ამ სკოლის დაწყებითი კლასების მენტორი მასწავლებელი ნინო გურეშიძე ამბობს, რომ ეს მის 32-წლიან პედაგოგიურ საქმიანობაში პირველი შემთხვევაა.

ბაზალეთის სკოლის 18 მასწავლებლიდან შვიდი წამყვანის სტატუსის მქონეა, 10 უფროსი მასწავლებელია, ერთი – მენტორი. 

აღსანიშნავია, რომ მენტორი მასწავლებელი ნინო გურეშიძე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2018 წლის კონკურსის მონაწილეთა საუკეთესო ათეულში მოხვდა და „ჟიურის რჩეულის“ ტიტული დაიმსახურა.  

„მასწავლებელთა ასეთი შედეგებით ქალაქის სკოლებშიც ვერ დაიტრაბახებენ, – ამბობს ნინო გურეშიძე, – მოტივირებულები ვართ, რომ მომავალი თაობა ამ სუკუნის მოთხოვნათა შესაბამისად აღვზარდოთ. თუმცა, მოსწავლე თუ არ გვეყოლება, ცარიელ კლასში რას გავაკეთებთ.

ჩემთვის დიდი ტრაგედიაა, როცა ასეთ წარმატებულ, კვალიფიციური მასწავლებლებით დაკომპლექტებულ სკოლას პირველკლასელი არ ჰყავს.

სოფელში მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა – ვგულისხმობ გაზიფიცირებას, მოასფალტებულ გზას, გარე განათებას. ამ მხრივ სკოლაშიც კარგი მდგომარეობაა, მაგრამ სოფელი, ფაქტობრივად, იცლება. ბაზალეთის სკოლაში მოსწავლეები ხუთი სოფლიდან დადიან. ხუთი სოფლიდან რომ სკოლაში 25 მოსწავლე ივლის, ეს არის მართლა ტრაგედია.

ჩემთვის დიდი დემოტივაციაა ცარიელ კლასში შესვლა. ძალიან განვიცდი ამას და სწავლის დაწყებას შიშით ველოდები. დაწყებითი კლასის მასწავლებლები კლასკომპლექტებში ვმუშაობთ. სექტემბრიდან ორი მოსწავლე მეყოლება მესამე კლასში. ისინიც მოლითიდან დადიან. თანამშრომელმა თავისი ტყუპი დისშვილები მოიყვანა.  

ჩემთვის ამოსავალია ჩემი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. რომ მითხრან, დაჯექი სახლში და ხელფასს ისე მოგცემთო, არ დავთანხმდები. მინდა, ჩემი შრომის ნაყოფი დავინახო. 

თუმცა, არსებობა ყველას გვჭირდება. ორ მოსწავლეზე კლასს შეგვინარჩუნებენ?! როგორ გადანაწილდება საათები. თუ 14 საათზე ნაკლები მექნება, მენტორის 1000-ლარიან დანამატს ვეღარ მივიღებ და ჩემი ხელფასი 300 ლარი იქნება.

იმედია, საყვარელ საქმეს ჩემს სოფელში გავაგრძელებ და საქმე აქედან გასაქცევად არ გამიხდება“.

ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ როცა ბაზალეთში ცხოვრობ, ხარაგაულის ცენტრთან ახლოს ხარ, მეტი პატივისცემა უნდა გამოხატო შენი სოფლის მიმართ და შვილი სკოლაში აქ უნდა მოიყვანო. 

„ვერავის დავადანაშაულებ, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – მესმის, რომ თუ ხარაგაულში მუშაობ, გირჩევნია შვილიც იქვე ატარო სკოლაში, მაგრამ აქ, ბაზალეთის სკოლაში, მასწავლებლები მოსწავლეებს საკუთარი შვილებივით ექცევიან. აქ მეტ ყურადღებას უთმობენ თითოეული მოსწავლის სწავლა-აღზრდას. 

დარწმუნებული ვარ, სხვა სკოლები ბაზალეთის სკოლას შენატრიან. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ორი მენტორი მასწავლებელია და მათგან ერთი – ბაზალეთის სკოლაში. ეს საამაყო ფაქტია, მაგრამ პირველკლასელი რომ არ გვეყოლება, ძალიან სამწუხაროა. უმუშევრობა სოფლებიდან ახალგაზრდა ოჯახების გადინებას იწვევს. 

სახელმწიფო ახალგაზრდა ოჯახებზე ზრუნავს – მშობიარობა უფასოა. მუნიციპალიტეტი ახალშობილებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას აძლევს. სკოლაში სახელმძღვანელოები უფასოა, მოსწავლეებს ტრანსპორტი ემსახურებათ, მაგრამ სოფელზე მეტი ზრუნვა გვჭირდება“.

ბაზალეთში ერთ-ერთ ძლიერ ფერმერად ითვლება გურამ გოგია. მას ასი სკა ფუტკარი ჰყავს, ყანებს ამუშავებს, ყურძნის მოსავალსაც არ უჩივის. ამის მიუხედავად, მისი შვილი სამუშაოდ თბილისში წავიდა.

– მე კი ვირჩენ თავს ამ შემოსავლით და მეურნეობით, მაგრამ ჩემი ბიჭი აქ გამჩერებელი არ არის, – ამბობს გურამ გოგია, – ახალგაზრდებს მეტი სჭირდებათ. ხელისუფლების დამოკიდებულება, რომ ევროპაში სამუშაოდ წავიდნენ, სწორი არ არის.

წარმოების საქართველოში განვითარებაზე უნდა იფიქრონ მათ, ვისაც ეს ევალება. ჯერობით, შრომა შემიძლია, მაგრამ სულ ხომ ვერ შევძლებ. მერე ისე იქნება, როგორც სხვა ოჯახები – ამ სახლის კარებიც დაიკეტება და წავალ შვილებთან – ან თბილისში ან ხარაგაულში. 

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ბაზალეთის შემოსასვლელში შუშის ქარხანა უნდა აგებულიყო. ქროლში არის ამის ნედლეული – სილა. აქ რომ შუშის წარმოება დაიწყოს, ბევრი ახალგაზრდა დასაქმდება. ასეთი ბევრი რამ შეიძლება გამოიკვეთოს.

ნინო კაპანაძე