წელიწადნახევარია, საქართველოში საპენსიო რეფორმა ამოქმედდა.

ამ სისტემით დანაზოგი დამსაქმებლის, დასაქმებულისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით იქმნება.

დღემდე სადავოა, გაამართლებს თუ არა ეს სისტემა და რამდენად სამართლიანია მისი დანერგვა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის გაუქმების მოთხოვნით „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დირექტორმა გიორგი მშვენიერაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის იანვარში მიმართა. ამ დრომდე უცნობია, როდის განიხილავს სასამართლო მის სარჩელს.

მიზეზებს, თუ რატომაა ამ სქემაში მონაწილეობა მაღალრისკიანი, ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი განმარტავს:

– ახალ საპენსიო სქემას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, მათ შორის მორალურიც – სახელმწიფო უსამართლოდ აიძულებს ადამიანებს, დაიწყონ ფულის დაგროვება. ფაქტობრივად, არჩევანის გარეშე დატოვეს 40 წლამდე ასაკის დასაქმებულები.

დაგროვება არის ინვესტიცია მომავალში – საპენსიო ასაკში.

ყველა შესაძლო ინვესტიცია არის

  • მაღალრისკიანია, თუმცა მაღალსარგებლიანი (მაღალპროცენტიანიან
  • დაბალრისკიანია და დაბალსარგებლიანი;

მსოფლიო ბაზარი ძალიან დაძაბული, დინამიური და ცვალებადია. გუშინ თუ Microsoft-ის ფირმა ლიდერობდა, დღეს Apple მოწინავე; 50 წლის წინ თუ ამერიკული ავტოწარმოება ყველას ჯობდა, დღეს გერმანული და იაპონურია წინა რიგებში და სხვ.

შესაძლოა, ფული ურისკო საქმეებშიც ჩაიდოს. თუმცა ასეთ საქმეს სარგებელიც დაბალი ექნება – ხარჯებს ვერ დაფარავს და ინვესტორი პენსიონერის სარგებელს ვერ გადაიხდის.

რის იმედზე არიან ადამიანები, როდესაც ისინი საკუთარ ფულს ინვესტიციისათვის გაიღებენ? მათ იმედი აქვთ, რომ კონკურენცია მენეჯერებს აიძულებს, საინვესტიციო ოპერაციები ხარისხიანად და პატიოსნად განახორციელონ.

პატიოსნება და კვალიფიკაცია არ გამორიცხავს, რომ ის საკუთარი ინტერესის სასარგებლოდ არ იმოქმედებს – ანუ, უბრალო ენით რომ ვთქვათ, ფულს არ მოიპარავს.

რა ხდება მაშინ, როდესაც ინვესტიციები მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფმა ორგანიზაციამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე?!

სახელმწიფომ, შესაძლოა, მიიღოს მეტ-ნაკლებად გონივრული შეზღუდვები, რომ დაგროვილი თანხები საპენსიო სქემის მენეჯერებმა რისკიან საქმებში არ დააბანდონ; შემოიღოს მეტ-ნაკლებად გონივრული რეგულაციები, მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ რისკმა, რეგულირებამ და შეზღუდვამ არ გაამართლა? ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი? დადგება თუ არა მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი?

ერთი, რაც შეიძლება მთავრობამ გააკეთოს ისაა, რომ გარკვეული სახის ინვესტიციებში მონაწილეობა აკრძალოს. თუმცა ასეთ შემთხვევაში ამ ინვესტიციების სარგებლიანობაზე მისი მენეჯერებიც პასუხისმგებლობას მოიხსნიან. ანუ, დაგროვებითი სქემის მენეჯერებს ინვესტიციების დაბალ შემოსავლიანობაზე პასუხი არ მოეთხოვებათ.

დაგროვებითი საპენსიო ფონდის გაკოტრების შემთხვევაში პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე გადავა და მომავალ თაობებს მძიმე ვალად დააწვება.

ურთულესი მდგომარეობაა განვითარებული ქვეყნების უკლებლივ ყველა ქვეყნის საპენსიო სისტემაშიც. ბევრმა ქვეყანამ დაგროვებითი საპენსიო ვალდებულებები სახელმწიფო ვალში გადაიტანა.

ნინო კაპანაძე