ხარაგაულის თოჯინების თეატრმა რეპეტიციები დაიწყო და მალე პატარა მაყურებელს სპექტაკლის ნახვის შესაძლებლობა ექნება.

ხარაგაულის თოჯინების თეატრის დამაარსებელი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ სპექტაკლის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერ არაა განსაზღვრული. თუმცა ჩატარების ადგილი უკვე შერჩეული აქვთ. სპექტაკლს თეატრის შენობის წინ დადგამენ. სკამებს დისტანციის დაცვით განალაგებენ და ყველა რეკომენდაციას დაიცავენ.

შემდეგ კი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც გავლენ და სპექტაკლს პატარა მაყურებლისათვის ღია ცისქვეშ გამართავენ.

– „სამი გოჭის თავგადასავალზე“ ვმუშაობთ, ხშირად ვდგამთ ამ სპექტაკლს. როგორც კი ამინდი მოგვცემს ღია ცისქვეშ სპექტაკლის ჩატარების საშუალებას, მაშინვე გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და შევხვდებით ჩვენს პატარა და საყვარელ მაყურებელს“, – ამბობს ირინე ჩხეიძე.

თოჯინების თეატრი ხარაგაულელ ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნორჩი მაყურებლის წინაშე შვიდი სპექტაკლით, ხარაგაულსა და მის სოფლებში, 60-ზე მეტჯერ წარსდგნენ. წარმატებით მონაწილეობდნენ ორ ფესტივალში.

„ჩემი შვილი 3 წლის ასაკში ზესტაფონში წავიყვანე თოჯინების თეატრის სანახავად და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ხარაგაულში თოჯინების თეატრი შეგვექმნა. ამ იდეას მხარი დაუჭირა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ვასიკო კიკნაძემ. 2008 წლიდან მოვყვებით ამ საქმეს. სოფელში გამართული წარმოდგენის შემდეგ ბავშვებს აღარ ვეთმობით, სცენაზე ამოდიან; აინტერესებთ, კულისებში რა ხდება, თოჯინებს იხუტებენ“.

პანდემიის პერიოდში ირინე ჩხეიძეს იმდენად მოენატრა ნორჩ მაყურებელთან შეხვედრა, რომ გადაწყვიტა, მათთვის ვიდეოზღაპრები ჩაეწერა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სულ 12 ვიდეოზღაპარი ჩაწერა და კიდევ აპირებს ამ საქმის გაგრძელებას.

„ვფიქრობ, რომ კიდევ გავაგრძელებ ამ საქმეს, რადგან ბევრი ემიგრანტი მეხმაურებოდა. უცხოეთში მცხოვრები ბავშვები მოკლებულნი არიან ქართულ ზღაპრებს“.

ქალბატონ ირინეს თოჯინების თეატრის მომავალ გეგმებზე საუბარი უჭირს, რადგან პანდემია არაპროგნოზირებადია და შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.

„ვფიქრობ, რომ სექტემბრისთვის გავაკეთო ახალი სპექტაკლი გივი ჭიჭინაძის „იისფერა“, ძალიან საყვარელი წარმოდგენაა. შემოქმედი ადამიანისთვის ძნელია გაჩერება. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი და როგორ ავეწყობით“.

რაც შეეხება ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრს, ჯერჯერობით მისი გახსნა არ იგეგმება. იმისათვის, რომ სპექტაკლი ვაჩვენოთ, საჭიროა დეზობარიერი, ხელთათმანები, პირბადეები, ხსნარი, ტემპერატურის საზომი და ა.შ. დარბაზი 300 კაციანია, უნდა მოხდეს დისტანციის დაცვა, რაც გულისხმობს იმას, რომ სპექტაკლზე დასწრებას მხოლოდ 70 ადამიანი შეძლებს.

„ვფიქრობ, ამ ყველაფერს თავს გავართმევთ, თუ დაანონსებული პანდემიის მეორე ტალღა არ დაიწყო, შეიძლება  პრემიერაც კი ვითამაშოთ სექტემბერში.

რაც შეეხება ფესტივალს „თეატრალურ იმერეთი“, ტრადიციულად მაისის ბოლოს ტარდება ხოლმე. ჩვენც თებერვლიდან დავიწყეთ მზადება ამისთვის. თუმცა, ცნობილი მიზეზების გამო, ეს ყველაფერი შევაჩერეთ. ახლა რეპეტიციები თავიდან უნდა დავიწყოთ“, – აღნიშნავს ირინე ჩხეიძე.

ლიკა ხიჯაკაძე