
ხარაგაულში მოსული სტუმრებისა თუ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ხანდებში დევების ქანდაკებებია.
ხარაგაულის სიმბოლოდ ქცეული ამ ქანდაკებების შექმნის რეალური ისტორია ცოტამ თუ იცის.
უფროსი თაობის ადამიანები ამბობენ, რომ დევების გამოქანდაკება რაიონის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ელისო ბერიძემ მოინდომა.
ქანდაკებების ავტორი გია კიკნაძე კი გვიამბობს, რომ დევების შექმნის იდეაც მას ეკუთვნის.
– 1973 წელს სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი დავამთავრე, – იხსენებს გია კიკნაძე, – ხარაგაულიდან შემატყობინეს, რომ დაბა ხარაგაულის შემოსასვლელში წყაროები იმ წყობისთვის მიღებული, ნამგალითა და უროთი გაფორმებული ქანდაკებით უნდა მოეწყოთ.
ზღაპრული ადგილია ხანდები. როგორც კი ამ ადგილს მოვუახლოვდი, ვიფიქრე, რომ აქაურობას დევების ქანდაკებები ყველაზე მეტად მოუხდებოდა. თან რამდენიმე მეტრში ზედა პალეოლითის პერიოდის გამოქვაბულია, რომელიც დევის ხვრელის სახელით არის ცნობილი.
მთელი დღე ვარწმუნებდი რაიკომის მდივანს, ელისო ბერიძეს, რომ ხარაგაულში დევების ქანდაკება დაგვედგა და არა მუშის, ან გლეხის. ვუთხარი, რომ ხარაგაულის ისტორიული ძეგლის, დევის ხვრელის ექსპოზიციას, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა.
კომუნისტური ეპოქა იყო და ზღაპრის გმირის – დევის გამოქანდაკებისთვის, შესაძლოა დიდი საყვედური მიეღო.
ქალბატონი ელისო დამთანხმდა და მეც საქმეს შევუდექი. ქანდაკებისთვის თიხანარევი ცეცხლგამძლე აგური მჭირდებოდა. ძირულაში იყო აგურის ქარხანა და იქედან წამოვიღე. ქარხნის დირექტორიც ეჭვობდა, რამდენად გამოდგებოდა აგური ქანდაკებისთვის. ყველაფერი გამოვიდა და დევები ჩემს სახელოსნოში, თბილისში გამოვაქანდაკე.
ქანდაკებების მონტაჟი რომ უნდა დაგვეწყო, ელისო ბერიძემ დამიძახა და მითხრა, – ვერ არის კარგად საქმე, გზათა სამინისტრო დაფინანსებაზე უარს გვეუბნებაო.
წავედი თბილისში და ცოტა ვიეშმაკე – წინასწარ გამზადებულ მიღება-ჩაბარების აქტზე სამინისტროს ბუღალტერს ხელი მოვაწერინე. ჩემი ტოლა ბიჭი იყო და უარი ვერ მითხრა.
გზათა მინისტრი იყო ჩახავა. კაბინეტში ჩემი შესვლისთანავე დაიწყო ლანძღვა, – რა დევები აგიტყდათ ხარაგაულში, ტვინი სად გქონდათ, მე მაგის თანხას არ ჩაგირიცხავთო.
დინჯად მივაწოდე მიღება-ჩაბარების ხელმოწერილი აქტი და მისი კაბინეტი სწრაფად დავტოვე. ორ კვირაში თანხა ჩაგვერიცხა. სამწუხაროდ, ქანდაკებებზე სპილენძი ვეღარ გადავაკარით, ამას დამატებით თანხა სჭირდებოდა და აღარ მოგვცეს.
ახლა ქანდაკებებს რესტავრაცია სჭირდება. თუ დააფინანსებენ, სიამოვნებით გავაკეთებ.
ნინო კაპანაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის