მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

რამდენად შეუწყობს ხელს ეს სქემა პედაგოგების რეალურ პროფესიულ წინსვლას, – ამის შესახებ ექსპერტს განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშიას ვესაუბრეთ.

– მართალი გითხრათ, ვერ გავიგე, რა შეიცვალა ამ სქემაში და რატომ დაერქვა მას „ახალი“ – ამბობს სიმონ ჯანაშია, – კარიერული წინსვლის სქემა ისევ ცენტრალიზებულია და სკოლების რეალურ საჭიროებებზე მორგებული არ არის.

ჩემი აზრით, სკოლებს უნდა მიეცეს თანხები იმისთვის, რომ მათ ეს ფინანსები თავიანთი შეხედულებით მოახმარონ მასწავლებლების წინსვლას. სხვანაირად გამოდის, რომ სკოლა ქირაობს მასწავლებელს, მაგრამ სახელმწიფო მის დაწინაურებაში გარედან ერევა. ასეთ შემთხვევაში, გარე ზედამხედველობით, ფორმალურია ყველა ის მოთხოვნა, რაც სკოლის შიგნით უნდა დაკმაყოფილდეს.

სქემაში წინსვლა მასწავლებლის კვალიფიკაციას არ განაპირობებს. კვალიფიკაცია პედაგოგს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ამის დადასტურება, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ უნდოდეს, მაგალითად, არ უღირდეს დროის დახარჯვა იმ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რასაც სახელმწიფო უყენებს.

პრობლემაა ის, რომ სკოლა მასწავლებლისგან შეიძლება სხვა რამეს ითხოვდეს, სახელმწიფო კი სხვა რამეს აღიარებდეს. სკოლას უნდა ჰქონდეს არჩევანი, როგორ განსაზღვროს მასწავლებლის კომპეტენცია. შეიძლება სკოლამ უნივერსიტეტს შეუკვეთოს მასწავლებლების კვალიფიკაციის დადგენა, ან სახელმწიფომ განსაზღვროს, – მხოლოდ გამოცდის მიხედვით.

ამაზე განათლების სამინისტრო გვპასუხოს ხოლმე, რომ სკოლები ამისთვის მზად არ არიან. არც არასდროს იქნებიან მზად, თუ მათ ფუნქციებს სხვა აიღებს, ამ შემთხვევაში – სახელმწიფო. სკოლების წახალისება არ ხდება იმ კუთხით, რომ მათ შეფასების საკუთარი სისტემები ჰქონდეთ.

როცა სკოლას გარედან უწესებ, რის მიხედვით უნდა შეაფასოს თავისი მასწავლებელი, ის ცდილობს, რომ მინიმალური ძალისხმევა დახარჯოს. დირექციას შეიძლება აწყობდეს კიდეც ეს მოდელი, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონფლიქტი ჰქონდეს თანამშრომლებთან.

იმის მაგივრად, რომ მასწავლებელმა დრო მოსწავლის შედეგის ამაღლებისთვის გამოიყენოს, ის ხარჯავს დროს სახელმწიფოსგან დაწესებული მოთხოვნების შესრულებაზე, რასაც პირდაპირი კავშირი მოსწავლეების შედეგებთან არ აქვს.

მასწავლებელთა კარიერული წინსვლის საფეხურები ხელს ერთ რამეს უწყობს – დაფინანსების განაწილებას. სახელმწიფომ მასწავლებელს გადააბარა პასუხისმგებლობა საკუთარი ხელფასის მომატებაზე. თუ ადრე პედაგოგები ადანაშაულებდნენ პოლიტიკოსებს, რომ მათი ხელფასი არ იზრდებოდა, ახლა უკვე მასწავლებელს შეუძლია უთხრას, რომ წაიწიე წინ და გექნება მეტი ხელფასი.

სახელმწიფოს ახლა ფინანსური რესურსი არ აქვს, რომ რაც შეიძლება მეტი მასწავლებელი გადაიყვანოს ერთი საფეხურიდან მეორეზე. ამიტომ ყოველთვის ეცდება, ეს პროცესი ხელოვნურად დაარეგულიროს გამოცდების რაოდენობით, მათი სირთულით და ა. შ. 50 ათასი მასწავლებელი რომ გადავიდეს უცბად ერთიდან მეორე საფეხურზე, ამას ბიუჯეტის გაორმაგება დასჭირდება.

გამოდის, რომ სახელმწიფო მასწავლებლებით მანიპულირებს.

ცალკე საკითხია ის, რომ სქემა მასწავლებლების მრავალფეროვნებას არ ითვალისწინებს. ის პედაგოგი, რომელსაც საპენსიო ასაკამდე ორი-სამი წელი დარჩა, პრაქტიკოს მასწავლებელთან არ უნდა გააიგივო. პირიქით, მისი გამოცდილება უნდა გაიზიარო.

ნინო კაპანაძე