სად და როგორ პირობებში უნდა შევინახოთ თაფლის მოსავალი – ამის შესახებ მეფუტკრე ლაშა გურგენიძე გვირჩევს:

-წელს ხარაგაულში ფუტკრისთვის კარგი წელიწადი არ იყო. ძირითადად, ცაცხვის თაფლის მოსავალს ველოდებით.

თუმცა, რაც გვაქვს, სწორად უნდა გამოვხადოთ და შევინახოთ.

თაფლს ფუტკარი, უმეტესად, სკების მაღაზიებსა დ საკუჭნაოებზე აგროვებს. ამას სასაქონლო თაფლს ვეძახით. მისი ამოღება და გამოხდა მარტივია.

ფუტკარი თაფლს ასევე ბუდეში აგროვებს. თაფლის ამოღებისას ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა რაოდენობის ფუტკარია სკაში და რამდენი თაფლის დატოვებაა აუცილებელი.

ამ საკითხს დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე, სანამ სურო და ქონდარი აყვავდება, ფუტკარი სკაში დარჩენილი თაფლით იკვებება. ეს მნიშვნელოვანია მისი ბარტყიანობისთვის.

უნდა დავაკვირდეთ – რამდენ ჩარჩოზეც ზის ფუტკარი, იმდენი ორი კილო თაფლი უნდა დავუტოვოთ სკაში.

თუ გვინდა, რომ თაფლი არ ჩაიშაქროს, ცალკე უნდა გამოიხადოს სასაქონლო თაფლი, ანუ საკუჭნოებიდან აღებული და ცალკე – ბუდიდან აღებული.

მნიშვნელოვანია, რომ გამოხდილი თაფლი სწორად დავაბინაოთ. ნესტიან პირობებში თაფლი წყალდება. ამიტომ მისი შენახვა სარდაფში არ არის რეკომენდირებული.

თაფლს არც სხვენი უხდება, +20 გრადუსზე ზემოთ თაფლი სასარგებლო თვისებებს კარგავს. თუ ძალიან მშრალ ადგილზე შევინახავთ, სადაც მუდმივად ორპირი ქარია და მზე აცხუნებს, ჩაიშაქრება. ამიტომ თაფლის შესანახი ადგილი მეფუტკრემ ამ პირობების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს.

თაფლი აუცილებლად უჟანგავ ჭურჭელში უნდა მოთავსდეს. ძალიან კარგია მინის ჭურჭელი ან ისეთი პლასტმასის, რომელიც თაფლთან რეაქციაში არ შედის.

თაფლის გამოხდის შემდეგ, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან,  ვიწყებთ ფუტკრის ინტენსიურ პროფილაქტიკურ მკურნალობას ვარვატოზზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ლაშა გურგენიძეს ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 593 76 97 00.