საზოგადოებრივი საპირფარეშო – ამ ტერმინის გაგონებაზე ზოგს კეთილმოწყობილი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებით უზრუნველყოფილი სივრცე ახსენდება, ხოლო ზოგისთვის ეს თემა დიდ დისკომფორტთან ასოცირდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ საპირფარეშოების აშენება-მოვლა-პატრონობის ვალდებულება მუნიციპალიტეტებს გადაეცა. არ არსებობს არანაირი  წერილობითი საბუთი თუ ზეპირი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს საზოგადოებრივი ტუალეტი. თუმცა, იმაზე ყველა თანხმდება, რომ საპირფარეშოებში წყალი და სისუფთავის ნორმების დაცვა აუცილებელია.

დაბა ხარაგაულში ხუთი საზოგადოებრივი ტუალეტია. დავინტერესდით, რამდენად აკმაყოფილებს ისინი ელემენტარულ პირობებს.

ხარაგაულელი მანანა ტაბაშიძე იხსენებს ამბავს, როცა საზოგადოებრივი საპირფარეშოს გამო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა: – წლების წინ კინოთეატრში იმერეთის რეგიონის ეკონომისტების ღონისძიება იმართებოდა და ქუჩაში რამდენიმე ადამიანი, საპირფარეშოს გამო, აქაურობაზე აუგად საუბრობდა.

ხარაგაულში მოსულ ტურისტთან თუ სტუმართან ამის გამო არ უნდა შევრცხვეთ. სოფლიდან ხარაგაულში საქმეზე ჩამოსულ ადამიანს ხშირად აქ მთელი დღის გატარება უწევს. ხარაგაულში ვინმესთან სახლში ხომ ვერ შევა?!

ხარაგაულში ერთი საპირფარეშო მაინც უნდა იყოს მოწესრიგებული, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში. იყოს თუნდაც ფასიანი“.

„ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ სამსახურის ბალანსზე სოლომონ მეფის ქუჩაზე არსებული ერთი საზოგადოებრივი ტუალეტი ფიქსირდება, სადაც წყალი არ მოდის, ონკანი არ არის, კაბინის კარი დაზიანებულია, არ არის შესაბამისი პირობებში შშმ პირებისთვის.

„ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ზაალ ლურსმანაშვილის თქმით, ამ საპირფარეშოს დასუფთავებისთვის თანამშრომელია გამოყოფილი. შეკითხვაზე, თუ რატომ არ მოდის საპირფარეშოში წყალი, განმარტავს, რომ წყლის რეზერვუარები და ონკანი რამდენჯერმე დაამონტაჟეს, თუმცა ყველაფერი ონკანიანად მოიპარეს.

„რა მოვუხერხოთ, ღამე იპარავენ. ამ საკითხს აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას. ქლორი უკვე შევიტანეთ და საპირფარეშოს დეზინფექციას ყოველ მეორე დღეს ჩავუტარებთ. რაც გამოსასწორებელია, შეძლებისდაგვარად  გამოვასწორებთ“, – ამბობს ზაალ ლურსმანაშვილი.

რაც შეეხება ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე საპირფარეშოს, ეს ტუალეტი წლების წინ ესტრადასთან ერთად გარემონტდა. თუმცა ახლა ამით სარგებლობა შეუძლებელია. ნაგებობა დანაგვიანებულია და ინფრასტრუქტურა – დაზიანებული.

„პარკში მდებარე საპირფარეშო ბევრჯერ გავარემონტეთ, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ. ორ კვირაში ისევ იგივე მდგომარეობა დაგვხვდა. კარებები ჩამოვაბით, მაგრამ მოიპარეს. ამჟამად ეს ტუალეტი უფუნქციოა და მისი მოვლა-დასუფთავება ჩვენს სამსახურს არ ევალება“, – ამბობს ზაალ ლურსმანაშვილი.

შედარებით უკეთეს მდგომარეობაა ხარაგაულის აგრარული ბაზრის მიმდებარედ არსებულ საპირფარეშოში. მის სისუფთავეზე ბაზარში დასაქმებული ქალები ზრუნავენ.

რაც შეეხება ხარაგაულის ავტოსადგურის უკან მდებარე ტუალეტს, ს/ს „ავტოტრანსის“ დირექტორის დავით ხარაძის ინფორმაციით, საპირფარეშოს ყოველდღიურად ერთი თანამშრომელი ასუფთავებს. პანდემიის პირობებში დეზინფექცია არ ჩაუტარებიათ.

„ახლის აშენებას არა, მაგრამ ძველი რაც არის, იმის მიხედვას ვაპირებთ“, – ამბობს დავით ხარაძე.

ხარაგაულის რკინიგზის სადგურზე არსებული საპირფარეშო „საქართველოს რკინიგზას“ ბალანსზეა. ამ დროისთვის ტუალეტში მხოლოდ ერთი კაბინა ფუნქციონირებს, წყალი არ მოდის, არც წყლის ონკანია და მომხმარებელს ხელების დაბანა არ შეუძლია. საპირფარეშოს მოვლა-დასუფთავება ხაშურის მგზავრთა სერვისცენტრს ევალება.

„საქართველოს რკინიგზას“ პრესცენტრში ამბობენ, რომ „საპირფარეშო დღეში არანაკლებ სამჯერ სუფთავდება და დეზინფექცია ყოველდღიურად ტარდება. პანდემიის პირობებში მაქსიმალურად ინარჩუნებდნენ სისუფთავეს ტუალეტში“.

ჩვენს შეკითხვაზე, თუ რატომ არის გაუმართავი ინფრასტრუქტურა საპირფარეშოში, რომლითაც მგზავრები და რკინიგზაში დასაქმებულები სარგებლობენ, „საქართველოს რიკინგზას“ პრესცენტრში განმარტავენ, რომ 2019 წელს დაუდგენელმა პირებმა, ბაქანზე არსებული საპირფარეშოს მეორე კაბინაში ჩააგდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რამაც კანალიზაციის მილის დაზიანება გამოიწვია. შესაბამისად, აღნიშნული კაბინა დაილუქა. რამდენჯერმე შეიცვალა ხელსაბანზე ონკანები და წყლის მიწოდებაც მოწესრიგდა, მაგრამ კვლავ სისტემატურად ზიანდება ან იპარავენ. „საქართველოს რკინიგზა“ უახლოეს მომავალში გეგმავს დაზიანებული საპირფარეშოს აღდგენას.

მანამდე, სანამ ხარაგაულში საპირფარეშოების პრობლემა მოგვარდება, ხარაგაულელებსა და სტუმრებს საზოგადოებრივი ტუალეტებით სარგებლობა, წყლისა და ჰიგიენური ნორმების გარეშე უწევთ.

თამარ ჩხიკვაძე