„მეტროში ნაპოვნი უნიჭიერესი მომღერალი, სალომე კვირიკაშვილი“, – რამდენიმე დღის წინ სწორედ ამ სათაურით გავრცელდა სოციალურ ქსელში ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოს ამ დროისთვის 192 ათასი ნახვა, 9 ათასზე მეტი მოწონება და 5 000 გაზიარება აქვს.
სინამდვილეში სალომე კვირიკაშვილის მუსიკალური ნიჭი წლების წინ ხარაგაულში გამართულ კონკურსზე „დო, რე, მი“ აღმოაჩინეს.
სალომე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორითში აღიზარდა. სიმღერა 3 წლის ასაკში, დედასთან ერთად დაიწყო. მის ოჯახში ყველა მღერის. თუმცა სალომეს განსაკუთრებულად მაინც ბებიის ნიჭი გამოჰყვა, რომელიც ჩონგურზე, სალამურზე, ფანდურსა და გარმონზე უკრავდა. ბავშვობაში ხორითში, სოფლის კლუბში თავის მასწავლებელსა და მეგობრებთან ერთად ხშირად კონცერტებს მართავდა.
სალომე კონკურსში „დო-რე-მი“ ოჯახის წევრებისა და მასწავლებლების თხოვნით ჩაერთო და ამ კონკურსის აღმოჩენა და გამარჯვებული გახდა.
„კონკურსი „დო-რე-მი“ რომ არა, ახლა არ ვიცი, სად ვიქნებოდი, ალბათ მაინც მუსიკაში, მაგრამ ამდენი გამოცდილება არ მექნებოდა“, – იხსენებს სალომე და ამბობს, რომ მუსიკალური განათლების მიღებაში ბევრი ხარაგაულელი დაეხმარა. ხარაგაულის იმ დროინდელი საკრებულოს თავმჯდომარე გიგა გლუნჩაძე კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიასთან ვოკალის გაკვეთილებს უფინანსებდა, ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანო შეისწავლა.
„ინსტრუმენტი არ მქონდა და სამეცადინოდ ჩემს მეზობელთან ხარაგაულში დავდიოდი. ნოტების გარჩევა არასდროს მომწონდა, ამიტომ სმენით ვუკრავდი. მუსიკალური ათწლედის დამთავრებამდე რამდენიმე წლით ადრე, სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ სკოლის პიანინო მათხოვა. ჩემი პირველი მელოდია სწორედ ამ პიანინოზე ავაწყვე”.
სალომე ხარაგაულის #3 სკოლის კურსდამთავრებულია და ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების მე-3 კურსს ამთავრებს. კითხვაზე, თუ რატომ ჟურნალისტიკა, პასუხობს, რომ ეს ის სფეროა, რომელშიც წერის, ძიების, მუსიკისა და სხვა ინტერესების გაერთიანებას შეძლებს.
„ვფიქრობ, რომ ჟურნალისტიკასა და მუსიკას ერთმანეთს კულტურის სფეროში დავაკავშირებ. მინდა ის ვაკეთო, რაც მსიამოვნებს, წერისთვის ვემზადები. ყველა სფეროს აქვს რაღაც ისეთი, რასაც შეგიძლია ჩაეჭიდო და შენთვის საინტერესო ნაწილი იპოვნო“.
სალომე კვირიკაშვილს ათზე მეტ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული. 11 წლის იყო, როცა უკრაინაში საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა. მონაწილეობდა სატელევიზიო კონკურსებში: „დიდი სცენა“, „ნიჭიერი“, „ახალი ხმა“.
სატელევიზიო კონკურსზე „მხოლოდ ქართული“ სალომემ თავისი თანაგუნდელი და მეგობარი ზურა ცინცაძე გაიცნო. მუსიკალური დუეტის შექმნაც სწორედ პროექტის შემდეგ გადაწყვიტეს. ჯგუფს explorer’s vibe უწოდეს და მუსიკალური იმპროვიზაციები სპონტანურად ააწყვეს. ამ დროს სალომეს რამდენიმე სიმღერა უკვე შექმნილი ჰქონდა.
„ზურას ჩემი სიმღერები ძალინ მოეწონა და მისი ჩაწერა შემომთავაზა, – ამბობს სალომე, – არ ვფიქრობდი, რომ ჩემი სიმღერები იმდენად ღირებული იყო, რომ ჩაგვეწერა. თუმცა ზურას რჩევით ერთი სიმღერა “Three Hashes” ჩავწერეთ, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა“.
სალომესთვის მუსიკის წერის პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. ინსპირაციას ყოველთვის რაღაც ამბიდან იღებს. წერს საკუთარ თავზე, ადამიანებზე, მაგრამ არ უყვარს წერა აბსტრაქტულ ემოციებსა და შეგრძენებებზე. „მინდა ჩემი მუსიკა ცხოვრებისეულ ამბავს ჰყვებოდეს“.
წელიწადნახევარია, რაც explorer’s vibe არსებობს, სალომე კვირიკაშვილი და ზურა ცინცაძე ხშირად სხვადასხვა ფესტივალებზე მღერიან. შარშან თბილისის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე Tbilisi open air-ზე წარსდგნენ. წელს ბევრი გეგმა ჰქონდათ, თუმცა პანდემიამ ამაში ხელი შეუშალათ.
მეტროში სიმღერაც რამდენიმე ხნის წინ საკუთარი თავისა და ემოციების უკეთ გამოსახატად გადაწყვიტეს. „ოთხი თვეა, პანდემიაა და იმდენად მოგვენატრა გარეთ სიმღერა, რომ დავდექით და მეტროში ვიმღერეთ. ვიდეო ჩვენ შესახებ აქედან გავრცელდა. ქეთევან კანდელაკი შემთხვევით მოვიდა და ვიდეო გადაგვიღო“.
სალომე ამბობს, რომ ამ ვიდეომ მათთვის დიდი როლი ითამაშა. ერთი წელია, ასეთი სულისკვეთებით მღერიან. ადრეც ბევრჯერ გადაუღიათ მათთვის, თუმცა ახლა ადამიანების რეაქციამ მოლოდინს გადააჭარბა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ სალომეს სხვადასხვა სატელევიზიო არხებიდან დაუკავშირდნენ, შემოთავაზება მიიღეს პირველი არხის მუსიკალური პროექტიდანაც.
სალომე ახლა კვლავ სიმღერებს წერს, საკუთარ თავზე მუშაობს და როგორც ამბობს, მუსიკა მისთვის ერთადერთი მდგომარეობაა, როცა მას არ შეუძლია, რომ გულწრფელი არ იყოს.
„თუ ცხოვრებაში ადამიანებისთვის რამის გაზიარება და გადაცემა მინდა, ამას ყველაზე კარგად მუსიკით ვახერხებ. ცხოვრებაში რაღაც კარგიც ხდება და ცუდიც. როცა ამ ყველაფრის გამოძახილს მუსიკაში ტოვებ, ეს მაგრძნობინებს, რომ ვარსებობ“.
სალომე კვირიკაშვილს სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი სივრცე, სადაც თავის მუსიკას დაუკრავს. უნდა, რომ ეს ვიდეო იყოს საფუძველი, რომელიც მათ შემოქმედებას გზას გაუხსნის.
„მინდა მომავალში, ჩემი სახლის სტუდია მქონდეს, რომელშიც ყოველი დილა მუსიკის შექმნით დაიწყება“. სალომეს კიდევ ერთი ოცნება აქვს. სურს, რომ თავისი ცხოვრება ფილმისთვის მუსიკის შექმნას დაუკავშიროს.
„ფილმის კომპოზიტირობა ნამდვილად დიდი ბედნიერება იქნებოდა. წარმოიდგინეთ, გადის ფილმი, რომელსაც შენი შექმნილი მუსიკა გასდევს. ამას ძალიან დიდი ემოცია მოაქვს და კიდევ ამბავი; ამბავი, რომელიც ყოველთვის მკარნახობს, თუ როგორ მინდა მუსიკა დავწერო“.
თამარ ჩხიკვაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი