თორმეტი წლის წინ მერი (გვანცა) ხადილაშვილი ხარაგაულში, სოფელ ხევის სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად კონკურსით მიიღეს.

შემდეგ დირექტორობის სასერთიფიკაციო გამოცდა ჩააბარა და მეშვიდე წელია, ამ სკოლას ხელმძღვანელობს. მუშაობის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ ბედი ხეველ პავლე ტაბატაძეს დაუკავშირა და ოჯახი შექმნა.

სამი შვილის დედას დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ დრო ისე გაანაწილოს, ოჯახსაც მიხედოს და სკოლის პრობლემებიც მოაგვაროს. ამბობს, რომ ოჯახის წევრების თანადგომა ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეუღლესთან ერთად გვერდით უდგას დედამთილი, ნინო ხუციშვილი – ხევის სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი.

– პანდემიის დროს სკოლასა და სახლში ერთდროულად ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, – ამბობს მერი ხადილაშვილი, – მე და ჩემი დედამთილი გაკვეთილების ჩასატარებლად ერთმანეთს ვენაცვლებოდით.

ზოგადად, მასწავლებლებს ონლაინ სწავლების გამოცდილება არ გვქონდა და ამან ცოტა დაბნეულობა გამოიწვია. შემდეგ ალღო ავუღეთ. თუმცა, სექტემბრიდან იგივეს განმეორებას აღარ ვისურვებდი. ხევის სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობას კომპიუტერი აქვს, მაგრამ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა პრობლემაა. მობილური ინტერნეტის ჩართვა მოსწავლესაც და მასწავლებელსაც ძვირი უჯდება. თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ სასურველ შედეგზე გავედით.

ახლა სამინისტრო სწავლის განახლებისთვის სხვადასხვა ვარიანტს გვთავაზობს. ჩემი აზრით, კვირაში რამდენიმე დღე მაინც მოსწავლეები სკოლაში აუცილებლად უნდა მოვიდნენ. კლასში ჩატარებულ გაკვეთილს ვერაფერი შეცვლის.

– ქალბატონო მერი, რამდენად შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა მათ რეალურ წინსვლასა და განვითარებას?
– კარგია, რომ მასწავლებლის განვითარებისა და შეფასების კრიტერიუმი არსებობს. თუმცა, ერთ წელს მასწავლებლისგან რომ გამოცდის ჩაბარებას და სტატუსის ასამაღლებლად მაქსიმალურ ათ კრედიტს ითხოვ, მეორე წელს კი კრედიტებს სხვა ფორმით უმატებ, – ეს არ მგონია სამართლიანი. მასწავლებლობა ისეთი პროფესიაა, რომ მუდმივად უნდა განვითარდე. ვფიქრობ, ჩვენი საქმიანობა მოსწავლის შედეგებით უნდა ფასდებოდეს. სკოლის დამთავრებისას მოსწავლე გამოცდას უნდა აბარებდეს. მასწავლებელს რომ ეცოდინება, რომ მისი საქმიანობა მოსწავლის აკადემიური მოსწრებით ფასდება, მაქსიმუმს გააკეთებს. პროექტის დაწერა და დადგმული გაკვეთლების ჩატარება მასწავლებელს წინსვლაში ნაკლებად ეხმარება.

– რა საჭიროებების წინაშე დგას ხევის საჯარო სკოლა?
– სკოლაში 133 მოსწავლე სწავლობს. სკოლის ინფრასტრუქტურა ნორმალურია. თუმცა ორ კლასში ბათქაში ჩამოვარდა და საჭიროა ჭერის შეკეთება. სველი წერტილების მოწესრიგება პანდემიის პირობებში განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. სასწავლო წლის დაწყებისთვის ან არსებული გარემონტდება, ან ახალი აშენდება. სკოლაში ახალი მერხები მხოლოდ დაწყებით კლასებში გვაქვს.

სამინისტროდან მიღებული დაფინანსების 95% ხელფასებს ხმარდება. თანხა მხოლოდ შეშის, საკანცელარიო და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად, კომუნალური გადასახადებისთვის გვრჩება.

დეზობარიერებს, სადეზინფექციო ხსნარებსა და თერმომეტრს სამინისტრო შეგვიძენს, – ასეთია დაპირება. საკუთარი სახსრებით ყველა კლასისთვის დეზობარიერის შეძენას ვერ შევძლებთ.

-ქალბატონო მერი, როგორ ფიქრობთ, რამდენად ამზადებს სკოლა მოსწავლეებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
-თანამედროვე მოსწავლეები ბევრად დამოუკიდებლები არიან, ვიდრე ჩემი თაობის. ვისურვებდი, რომ მშობლები მეტად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში. სამწუხაროდ, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მშობლები შვილების სწავლა-აღზრდას საკმარის დროს ვერ უთმობენ, რადგან ოჯახების გამოსაკვებად დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, ფიზიკურად აღარ სცალიათ.

ამიტომ ვცდილობ, მოსწავლეებთან ვიმეგობრო. მათი მდგომარეობა გავითავისო.

მიმაჩნია, რომ ჩვენ სკოლაში ბულინგი ნაკლებადაა, სიტუაციას ვაკონტროლებთ. თუმცა მოსწავლე სულ სკოლაში ხომ არ არის. საზოგადოებას ჰუმანურობა აკლია. როგორ შეიძლება ფიზიკური დაპირირსპირების შემდეგ ვინმეზე ითქვას, – ღირსი იყო და იმსახურებდაო.

თანამედროვე სკოლებში არსებული გამოწვევების დასაძლევად მასწავლებლებთან ერთად მშობლებისა და საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია.

ამ რთულ პირობებში ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს შრომის უნარისა და მოტივაციის ამაღლებას ვუსურვებ.

ნინო კაპანაძე