ხარაგაულის საავადმყოფო 2013 წლის სექტემბრიდან შპს „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ დაქვემდებარებაში გადავიდა. ამის შემდეგ საავადმყოფოში ექიმთა მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი – ხარაგაულის“ დირექტორ ქეთევან აბრამიშვილის ინფორმაციით,kharagauli_saavadmyofo თუ ადრე ექიმის საშუალო ანაზღაურება 100 ლარს უახლოვდებოდა, ახლა პაციენტთა მომართვიანობის გაზრდის გამო, მათი საშუალო ხელფასი 500 ლარამდეა. ანაზღაურება ასევე მოემატათ ექთნებს, სანიტრებსა და ლაბორანტებსაც. „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები ცდილობენ, ანაზღაურებაში სხვაობა ექიმს, ექთანსა და სანიტარს შორის თანდათან შეამცირონ.  ხელფასები ივნისის ჩათვლითაა გაცემულია.

„რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი“ ხარაგაულის საავადმყოფოს ამარაგებს ყველა საჭირო მედიკამენტითა და ნივთებით. ადრე ყოველთვის პრობლემა გვქონდა ქაღალდზე, კატრიჯზე და ჰიგიენის საშუალებებზე. ახლა ამისთვის სპეციალური საწყობიც კი გვაქვს. ჩვენს ყველა მოთხოვნაზე მყისიერად რეაგირებენ და პრობლემას გვიგვარებენ, –  ამბობს ქეთევან აბრამიშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივით, პაციენტებს მთელი რიგი მედიკამენტების შეძენა აფთიაქებში მხოლოდ ექიმისგან გამოწერილი რეცეპტით შეუძლიათ. ამის გამო თითქმის 100% – ით გაიზარდა პაციენტთა მომართვიანობა, რამაც გაზარდა საავადმყოფოს შემოსავალი.

დაბალი რჩება საავადმყოფოს კაპიტაციური დაფინანსება. კაპიტაციური დაფინანსება ნიშნავს საავადმყოფოს დაფინანსებას დარეგისტრირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით.  ხარაგაულელი პაციენტები რეგისტრირდებიან ზესტაფონში, რადგან ხარაგაულში არ არის იმ  სპეციალისტთა მომსახურება, რომელიც მათ სჭირდებათ.

ხარაგაულის საავადმყოფოში შესაძლებელია გადაუდებელი ამბულატორიული, სტაციონარული, თერაპიული, ქირურგიული, სამეანო-გინეკოლოგიური, ქალთა კონსულტაციის, ოჯახისა და თვალის ექიმის, ასევე ნევროლოგის მომსახურების მიღება.

ხარაგაულის საავადმყოფოში დაურეგისტრირებელი ავადმყოფის ექიმთან ვიზიტის ღირებულება 20 ლარია. თუ პაციენტი დარეგისტრირებული არ არის არსად, სურვილის შემთხვევაში ვარეგისტრირებთ ხარაგაულის საავადმყოფოში და ამ პაციენტისათვის მოქმედებს მომსახურების ის ფასები, რაც დაზღვევის პაკეტითაა გათვალისწინებული.

ქეთევან აბრამიშვილის თქმით, თუ ავადმყოფის მდგომარეობის სიმძიმე არ შეესაბამება ჩვენი სტაციონარის პირობებს, მაშინ ვიძახებთ კატასტროფის ანუ რეფერალურ სამსახურს და პაციენტი გადაგვყავს სხვა საავადმყოფოში.

საქართველოში ყველა ადამიანი დაზღვეულია, მაგრამ განსხვავებაა დაზღვევის პაკეტებს შორის.  საბაზისო პაკეტის მქონე პაციენტებისათვის უფასოა ოჯახის ექიმის მომსახურება, მაგრამ სპეციალისტთან ვიზიტის შემთხვევაში პაციენტი იხდის მომსახურების 30%-ს.

მიზნობრივი პაკეტის შემთხვევაში უფასოა სპეციალისტთან ვიზიტი, ოჯახის ექიმის მომსახურებაც, რენტგენი და სტაციონალური მომსახურებაც.

ასაკობრივი დაზღვევის მქონე პირებისათვის ვრცელდება ყველა ის უფასო მომსახურება, რაც განსაზღვრულია მიზნობრივი პაკეტის მქონე პაციენტებისათვის, მხოლოდ პენსიონერები იხდიან სტაციონარული მომსახურების დროს 10%-ს, ბავშვები და სტუდენტები კი – 20%-ს.

გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ყველა საავადმყოფოში რეგისტრაციის გარეშეც უფასოა.

საავადმყოფოში ვიზიტის დროს ყველა პაციენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რათა ექიმმა განსაზღვროს, თუ რომელი დაზღვევით სარგებლობს ესა თუ ის პაციენტი.  პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ასევე აუცილებელია რეგისტრაციისა და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების დროსაც. თუ პაციენტს არ აქვს პირადობის მოწმობა, მაშინ ის იხდის მომსახურების სრულ ღირებულებას. ქეთევან აბრამიშვილის განმარტებით, თუ პაციენტი პირადობის მოწმობას მოიტანს მომსახურებიდან 24 საათში, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.

ხარაგაულის საავადმყოფოში არის ახალი მიკროსკოპი და ცენტრიფუგის აპარატი. ცენტრიფუგის აპარატის მეშვეობით პაციენტთა სისხლის ნიმუშს წაიღებენ ბორითის კლინიკაში, სადაც განთავსებულია სისხლის ბიოქიმიური ანალიზის აპარატურა და იქ გაკეთდება სისხლის ანალიზი. ხარაგაულის საავადმყოფოში შესაძლებელია კოაგულოგრამისა და სისხლის ბიოქიმიური ანალიზების ჩატარება.

ხარაგაულის საავადმყოფოში ასევე შესაძლებელი ტუბერკულიოზის გამოკვლევა.

ქეთევან აბრამიშვილმა აღნიშნა, რომ შპს „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის ნუგზარ ბოლქვაძისაგან მიღებული ინფორმაციით, ხარაგაულში ახალი საავადმყოფოს მშენებლობა მომავალი წლიდან იგეგმება, თუმცა სხვა კონკრეტული ფაქტები ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ ცნობილი არ არის.

თამთა გოგოლაძე