„ნაბიჯი ხარაგაული“ – ასე ეწოდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის შექმნილ დღის ცენტრს, რომელიც იანვრიდან ხარაგაულში ამოქმედდება. ანალოგიური დღის ცენტრი უკვე მოქმედებს საჩხერეში, ტყიბულში, ზესტაფონსა და სხვა რამდენიმე მუნიციპალიტეტებში. ორგანიზაცია შეიქმნა  „მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის“  ხელშეწყობით.

ხარაგაულში დღის ცენტრის შექმნის იდეა რუსუდან გურგენიძეს ეკუთვნის. მისი ინფორმაციით, დღის ცენტრი განთავსდება ფარცხნალის სკოლის შენობის პირველ სართულზე. „შენობა სარემონტოა, ამიტომ ახლა სარემონტო თანხის მოძიების პროცესში ვართ,“ – გვითხრა დღის ცენტრის დამფუძნებელმა რუსუდან გურგენიძემ. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა 50-60 ათასი ლარი, რომელიც მოხმარდება ცენტრში მომუშავე ადამიანების ხელფასსა და ბავშვების ერთჯერად კვებას. ეს თანხა გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში.

დღის ცენტრში იმუშავებს ლოგოპედი, მასაჟისტი, ფსიქოლოგი, ორი სპეცპედაგოგი, რომლებიც საგნების შესწავლაში დაეხმარებიან შშმ ბავშვებს. „შეიძლება ასევე იყოს დამატებით ორი პედაგოგი, რომლებიც ბავშვებს შეასწავლიან ხელობას, – ქსოვას, კერვას, თექაზე მუშაობას. ვფიქრობ კურდღლების მოშენებას. ამის საშუალებას იძლევა ამ სკოლის ეზო. ამას ემატება ის, რომ მებოცვრეობა შშმ ბავშვებისთვის ერთგვარი თერაპიაცაა,“-ამბობს რუსუდან გურგენიძე.

დღის ცენტრისათვის პედაგოგები აუცილებლად გადამზადდებიან სპეციალურ კურსებზე და მათ დასჭირდებათ მაკლეინის ორგანიზაციიდან შეფასება, რომ ისინი ნამდვილად შეძლებენ შშმ პირებთან მუშაობას. ამ ცენტრში მომუშავე ყველა ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს მაღალი დონის პროფესიონალი.

დღის ცენტრისათვის ხარაგაულში ბევრი ბენეფიციარია, თუმცა პირველ ეტაპზე მივიღებთ ოც მათგანს. ბენეფიციარებს შეარჩევს მაკლეინის ორგანიზაცია. პირველ ეტაპზე ბენეფიციართა ტრანსპორტირება შორეული სოფლებიდან გართულდება. ამიტომ ოც ბენეფიციარს შევარჩევთ დაბა ხარაგაულთან ახლომდებარე სოფლებიდან. დღის ცენტრი მოემსახურება 5-დან 18 წლამდე შშმ პირებს და ის იმუშავებს დღის ათი საათიდან ხუთ საათამდე.

რუსუდან გურგენიძემ აღნიშნა, რომ დღის ცენტრის საჩხერის ორგანიზაციამ მოიძია თურქი ბიზმესმენი, რომელიც მზადაა დააფინანსოს ოცამდე შშმ და უდედმამო ბავშვი. „ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატებს ვთხოვე დამხმარებოდნენ და მოეწოდებინათ ინფორმაცია თავიანთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები უდედმამო ბავშვების შესახებ. შშმ პირებზე ინფორმაცია მაქვს. ჯერჯერობით, არ შემხმიანებია არცერთი დეპუტატი. ველოდები მათგან ინფორმაციას, რომელსაც წარვუდგენ ამ ბიზმესმენს და ის თავად გადაწყვეტს, ვის დაეხმაროს. თურქი ქველმოქმედი მზადაა გადმორიცხოს თანხა დღის ცენტრის ანგარიშზე, ასევე დაეხმაროს ბავშვებს მედიკამენტებითა და ტანსაცმლით. რუსუდან გურგენიძის ინფორმაციით, ხარაგაულის მოსახლეობა დღის ცენტრის შექმნას სიხარულით შეხვდა, თუმცა ზოგიერთი ოჯახი, სადაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ამას მალავენ და არ უნდათ ეს ინფორმაცია გასაჯაროვდეს. შეზღუდული შესაძლებლობა სირცხვილი არაა. ისინი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც სხვა ნებისმიერი ჩვენგანი. ხშირია შემთხვევები, როცა ისინი თითოეულ ჩვენგანისაგან განსხვავებული ნიჭით არიან დაჯილდოებულნი და ამ ნიჭს დამალვა კი არა, პირიქით წახალისება უნდა,“ – ამბობს რუსუდან გურგენიძე.

„ლიბერთი ბანკის“ ხარაგაულის ფილიალში გახსნილია ა(ა)იპ „ნაბიჯი ხარაგაულის“ ანგარიში.
ანგარიშის ნომერია GE73LB0115131674304000

თქვენგან გაღებული და გადმორიცხული ერთი ლარიც კი დიდ საქმეს გააკეთებს შშმ ბავშვების დახმარებისათვის.

ა(ა)იპ „ნაბიჯი ხარაგაულის“ დამფუძნებელი რუსუდან გურგენიძე ყველა გულისხმიერ ადამიანს წინასწარ გიხდით მადლობას.

თამთა გოგოლაძე