გასულ ორშაბათს, 16 იანვარს, ხარაგაულში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი იმყოფებოდა.
ორშაბათ დილით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, აკაკი მაჭავარიანს, ამ ვიზიტის ზუსტი დროისა და შეხვედრის ადგილის დასაზუსტებლად ტელეფონით დავუკავშირდით.

საკრებულოს თავმჯდომარემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ხარაგაულში მიხეილ მაჭავარიანის შესაძლო ვიზიტის შესახებ ჩვენგან პირველად ესმის: `ვიღაცები რაღაცაზე კი მოდიან, მაგრამ ამ წუთში შემოვედი კაბინეტში და ზუსტად არაფერი ვიცი.~

ბატონ აკაკის ვთხოვეთ, რომ როგორც კი დააზუსტებდა ინფორმაციას ვიცე-სპიკერის ხარაგაულში მოსალოდნელი სტუმრობის შესახებ, ჩვენთვისაც ეცნობებინა.

ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში ვიცე-სპიკერთან შეხვედრა 13 საათზე დაიწყო და საათნახევარს გასტანა. შეხვედრის მიმდინარეობის პერიოდში ჩაიკეტა ადმინისტრაციული შენობის მთავარი შესასვლელი კარი და საგულდაგულოდ გადაიკეტა მარჯვენა შესასვლელიდან სააქტო დარბაზისაკენ მიმავალი გზა.

nმოგვიანებით განმეორებით დავუკავშირდით საკრებულოს თავმჯდომარეს ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაციისთვის.

-ლაურა, მითხრეს, სხდომა დახურულიაო.

დახურული რატომ იყო?

-მიხეილ მაჭავარიანს თავის თანაპარტიელებთან ჰქონდა შეხვედრა. ჟურნალისტები არაო, – გვითხრეს.

ბატონო აკაკი, სხდომას ვინ ესწრებოდნენ?

-იყვნენ სოფლების რწმუნებულები, მათი თანაშემწეები, საკრებულოს აპარატის მუშაკები, ჩემი მოადგილე და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები, დაახლოებით 70 კაცი.

რა მიზეზით დაიხურა შეხვედრა?

-მაგაზე ჩვენ არ გვითანხმდებიან.

რა საკითხებზე გაიმართა საუბარი?

-სოფლის პროექტებზე იყო საუბარი, რაიონში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით,  არჩევნები როგორი სისტემით უნდა ჩატარდეს და რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ძალიან დემოკრატულად და გამჭვირვალედ.

ჩამოსულები იყვნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მინისტრის მოადგილე და განათლების მინისტრის მოადგილე. ვისაუბრეთ, რომ ასფალტი უნდა დაიგოს ხარაგაულში. ჩვენ ჩვენი წინადადებები წავუყენეთ, რომ გაზის შემოყვანაა საჭირო ხარაგაულში და ბევრი რიგი საკითხები, რომლებიც სოფლის რწმუნებულებს, მოსახლეობას აწუხებს. საუბარი იყო სუბსიდიებთან დაკავშირებით და რომ დაცული უნდა იყოს სოციალური თანასწორობა, არ უნდა ხდებოდეს ასე ქაოსურად დახმარებების მოხსნა.

n-რატომ იყო მიხეილ მაჭავარიანთან შეხვედრა დახურული? მე მაგის შესახებ არაფერი გამიგია, – გვიპასუხა საქართველოს პარლამენტის ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა მაღლაკელიძემ, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, – იქ თუ ვინმეს უნდოდა შემოსვლა და არ შემოუშვეს, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. რატომ უნდა ყოფილიყო დახურული, ჩვეულებრივი საქმიანი შეხვედრა იყო ხარაგაულის პრობლემებთან დაკავშირებით. ვისთვის არის ახალი, რომ ხარაგაულში პრობლემებია.

რაზე ისაუბრეთ?

-დაბის გზის მოასფალტებაზე, გაზიფიცირება რომ პრობლემაა ხარაგაულის; რკინიგზის ახალი ხაზი რომ გადის, ხალხი რომ არ დაიჩაგროს და საერთოდ, ყველაფერზე.

ბატონო ჯაბა, არც მიხეილ მაჭავარიანს ეცოდინება, რომ ის შეხვედრა დახურული იყო?

-ლაურა, მე იქ ვიყავი, არაფერი ვიცი, ვინ დახურა, რა დახურა, რატომ დახურეს. დასამალი სასაუბრო იქ არაფერი იყო. ბევრი ხალხი იყო. 200 კაციან დარბაზში დახურული სხდომა არ ტარდება, მსგავსი არ გამიგია.

nხარაგაულში პარლამენტის ვიცე-სპიკერთან 16 იანვარს გამართული შეხვედრა რომ დახურული იყო, ეს ინფორმაცია ვიცე-სპიკერის სამდივნოში დაგვიდასტურეს და აგვიხსნეს, რომ პარლამეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვედრების გაშუქება არ უყვარს. ინფორმაციის მისაღებად ოფიციალური ვებგვერდით სარგებლობა გვირჩიეს.

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი კი ამ შეხვედრის შესახებ იუწყება: `მიმდინარე წლის 16-17 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბატონი მიხეილ მაჭავარიანი და საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა გამცემლიძე იმყოფებოდნენ ხარაგაულსა და გურჯაანში. დეპუტატები შეხვდნენ ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს წევრებს, თანამშრომლებს. ასევე, გაეცნენ ადგილობრივ პრობლემებს. შეხვედრებისას საუბარი შეეხო სოფლის განვითარების პროგრამას, ჯანდაცვის პროგრამას, შიდა გზების რეაბილიტაციის საკითხებს და ა.შ.~

ლაურა გოგოლაძე