მესამე წელია, რაც ხიდრის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელია ამავე სკოლის კურსდამთავრებული, აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდა, მუდამ სიახლეების მაძიებელი, მზია ბერაძე. მზია მასწავლებელმა ჩაატარა ხიდრის სკოლაში ინგლისურის პირველი გაკვეთილი. მანამდე ამ სკოლაში უცხო ენებიდან ფრანგულს სწავლობდნენ.
მზია ბერაძემ 2007 წელს დაამთავრა ხიდრის საჯარო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტზე. 2008-2011 წლებში იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი. მისი ნაშრომი წიგნად გამოიცა, ხოლო უნივერსიტეტთა შორის კონფერენციებზე ორჯერ დაიმსახურა დიპლომი საუკეთესო კვლევისთვის.
„მადლობელი ვარ უფლის, რომ ილიას უნივერსიტეტში ვისწავლე, – გვიამბობს მზია ბერაძე, – სტუდენტობის წლები ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, ხარისხიანი განათლება და საუკეთესო გამოცდილება მივიღე. ენების შესწავლა ყოველთვის მაინტერესებდა. სამწუხაროდ, რადგან ინგლისური არ ჩავაბარე ეროვნულ გამოცდებზე, არ მქონდა ინგლისური ენის არჩევის უფლება. თუმცა, ძალები არ დავიშურე და დავიწყე დამოუკიდებლად სწავლა. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში. ინგლისურ ენაზე ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირებას და ორმაგი ხარისხის დიპლომი მივიღე. მაგისტრატურაში უცხოელი ლექტორები გვასწავლიდნენ. შემდეგ ჩავაბარე „თიქეითის“ გამოცდა, – ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიაში. ავიღე „ქალანის“ მეთოდის სერტიფიკატიც.“
მზია მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლა მისთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო, სრულიად ახალი სივრცე, საინტერესო გარემო. მან პირველივე მცდელობაზე ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა ინგლისურში. შემდეგ წარმატებით გაართვა თავი მეორე გამოცდას და დღეს უკვე სერტიფიცირებული მასწავლებელია. როგორც თავად ამბობს, ინგლისურისა და უნარების თითქმის ყველა ტრენინგს დაესწრო მასწავლებლის სახლში და შვიდივე მოდული გაიარა.
-რამდენად საპასუხისმგებლოა მუშაობა მშობლიურ სკოლაში?
-ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემი აღმზრდელი მასწავლებლები ახლა ჩემი კოლეგები არიან. მუდმივად მიზიარებენ გამოცდილებას. ათმაგდება პასუხისმგებლობა, როცა შენს მშობლიურ სკოლაში მუშაობ. შენი ვალდებულება და შინაგანი მოტივაცია იზრდება, როცა გინდა, რომ მეტი მიაწოდო მშობლიური სოფლისა და სკოლის მოსწავლეებს.
-როგორი მოსწავლეები გყავთ?
-საკმაოდ რთულია მათთან ურთიერთობა, დაღლის საშუალებას არ გაძლევენ. დიდ ძალას და მუხტს ვგრძნობდი მოსწავლეებისგან, განსაკუთრებით მაგისტრატურაში სწავლის დროს. ბავშვებთან ურთიერთობა ცალკე გამოცდილებაა. ახალი მეთოდების დანერგვა, ტრენინგებზე მიღებული ცოდნის გაკვეთილზე გამოყენება ჩემთვის მუდმივი ძიებისა და კვლევის პროცესია.
-როგორ აფასებთ სასკოლო რეფორმას და მასწავლებელთა დაყოფას კატეგორიების მიხედვით, მათ სქემაში ჩართვას?
-მომავალი ძალიან ნათლად მესახება. დიდი გამოწვევების წინაშე ვართ და ეს ასეც უნდა იყოს. თითოეული მასწავლებელი გაკვეთილზე ქვეყნის მომავალი ბედის მჭედელია. მასწავლებლის ხელშია ის, თუ როგორი მომავალი თაობა გვეყოლება. ამიტომ სიახლეები აუცილებელია, ტექნოლოგიების დანერგვა და პროექტების განხორციელება. რაც შეეხება სქემას, ეს დიდი მოტივი და სტიმულია ჩემთვის. რომ არ იყოს სქემა, სერტიფიცირება, სიახლეების ძიება, რა უნდა ვაკეთო მაშინ. იქნებოდა მხოლოდ რუტინული ყოველდღიურობა. სქემაში ჩართვა არის გზა და მცდელობა, რომ მასწავლებლებმა ჩვენი ცოდნა საგანში დავხვეწოთ, სწავლება გავხადოთ უფრო საინტერესო მოსწავლეებისთვის და მოვარგოთ მათ ინტერესებს. მასწავლებლის სახლის ტრენინგები მიმართულია იქით, რომ საინტერესო და მრავლისმომცემი იყოს სასწავლო პროცესი. სწავლა დამღლელი და შემაწუხებელი არ უნდა იყოს მოსწავლესთვის.
-ახალგაზრდები უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ აღარ ბრუნდებიან მშობლიურ მხარეში და ქალაქში ეძებენ პრესტიჟულ სამსახურებს. რატომ გადაწყვიტეთ ხიდარში დაბრუნება?
-განა სამსახურის პრესტიჟულობა იმას გულისხმობს, რომ ქალაქში იყო და მაინცდამაინც მაღალი ხელფასი გქონდეს? პრესტიჟული მაშინ არის სამსახური, როცა ბედნიერებას განიჭებს და შენ თავს იპოვი იმ საქმეში, რომელსაც აკეთებ. თავისუფლად ვარ, ვაკეთებ იმას, რისი კეთების სურვილიც მაქვს. ახალგაზრდებმა სასწაული და ბედნიერება არ უნდა ვეძებოთ რუსთაველზე სიარულში. ბედნიერება იქ არის, სადაც საკუთარ თავს იპოვი და პატიოსანი შრომით ირჩენ თავს.
-თქვენ ჩვენი გაზეთის სტუმარი ბრძანდებით მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით. რას უსურვებთ კოლეგებს?
-ბევრი გამოცდილი, ღვაწლმოსილი, კოლორიტული ადამიანის გვერდით მიწევს მუშაობა. ვუსურვებ ყველა მასწავლებელს, რომ მათ ენერგიას ფუჭად არ ჩაევლოს და სასახელო მომავალი თაობა აღეზარდოთ.
დიდი მადლობა ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორს, ჩემს ეთერი მასწავლებელს, ხიდრის სკოლის პედკოლექტივს. რომ არა მათი თანადგომა და ხელშეწყობა, ვერ დავამთავრებდი მაგისტრატურას.
იმის მიუხედავად, რომ პედაგოგიური განათლება არ მიმიღია, შინაგანად სკოლა სულ მიზიდავდა და გული მოსწავლეებისკენ მომიწევდა. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, „საქართველოს ბანკში“ ვმუშაობდი, შემდეგ კრედოში – გაყიდვების მენეჯერად. მაინც მშობლიური სოფელი და სკოლა ვარჩიე. ეს უფრო საინტერესოდ მეჩვენებოდა. სწავლა დაუსრულებელი პროცესია. მეც სულ ვსწავლობ ძიებაში ვარ.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში