მასწავლებელთა დიდმა ნაწილმა პანდემიის გამო გარე დაკვირვების გაკვეთილი ვერ ჩაატარა. მათ სექტემბერში უკვე წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და მომატებული ხელფასი უნდა ჰქონოდათ. თუმცა ახლა თავიდან მოუწევთ დარეგისტრირება. ასეთი მასწავლებლები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. იციან, რომ ახლადდამტკიცებული სტატუსის ამაღლების სქემა მათ არ ეხებათ. თუმცა არ იციან, ახალი გეგმების დაწერა მოუწევთ, თუ უკვე ატვირთულ გეგმებზე ჩაატარებენ გარე დაკვირვების გაკვეთილს.

მაია მესხიშვილი საღანძილის საჯარო სკოლის პედაგოგია. გაკვეთილის გეგმები 16 მარტამდე ატვირთა და მზად იყო, გარე დაკვირვების გაკვეთილი ჩაეტარებინა. თუმცა პანდემიამ პრობლემები შეუქმნა.

„ამ ეტაპს თუ წარმატებით გავივლიდით, უკვე სექტემბრიდან სტატუსის ამაღლებას ველოდით. ეს, რა თქმა უნდა, ხელფასზეც აისახებოდა. შემოდგომაზე გავივლით გარე დაკვირვებას. თუმცა, არ ვიცით, როგორ და რას მოგვთხოვენ. გვეუბნებიან, რომ მითითებებს ეტაპობრივად მივიღებთ. ის გეგმა, რომელიც  მე-6 კლასზე მქონდა გათვლილი, ახლა აღარ  გამომადგება“.

უკვე ატვირთული გეგმები აღარც ხუნევის საჯარო სკოლის პედაგოგ მელანო ლომიძეს გამოადგება: „პირველი და მესამე კლასები მყავდა, ახლა კი მეორე და მეოთხე კლასები მეყოლება. შესაბამისად, უკვე ატვირთული გეგმები არ გამომადგება“.

„ნამდვილად არათანაბარ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მაგრამ რა შეგვიძლია. იმედია, განათლების სამინისტრო რაიმეს მოიფიქრებს. მერვე კლასში უნდა ჩამეტარებინა გაკვეთილი, ახლა კი ეს მოსწავლეები მეცხრე კლასში არიან. თან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ წინა, მე-8 კლასი ძველი სასწავლო გეგმით გადიოდა, ახლანდელები კი ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით“, – ამბობს მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგი დალი ლურსმანაშვილი.

გაურკვეველ მდგომარეობაში არიან მასწავლებელთა სახლშიც. იციან მხოლოდ ის, რომ გარე დაკვირვების რეგისტრაცია სექტებერში დაიწყება. მასწავლებელთა სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი ამბობს: „ის მასწავლებლები, რომლებიც გარე დაკვირვებას ელოდნენ და პანდემიის გამო ვერ გაიარეს, ჩვეულებრივ გაივლიან შემოდგომის სემესტრში და სტატუსის ამაღლებას შეძლებენ. რა გეგმებიც აქვთ დარეგისტრირებული, იმაზე მოუწევთ გაკვეთილის ჩატარება“.

ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ მოხერხდება უკვე ატვირთულ გეგმებზე გაკვეთილის ჩატარება, რადგან  გეგმები კონკრეტულ კლასებზე იყო გათვლილი, ის მოსწავლეები კი მომდევნო კლასებში გადავიდნენ. ამასთან დაკავშირებით ლევან ჟორჟოლიანი გვპასუხობს: „ეს უკვე ტექნიკური თემაა. მთავარია, რომ მასწავლებლები გარე დაკვირვების გავლას შეძლებენ; ეს საკითხი მასწავლებლის სახლთან ინდივიდუალური კონსულტაციით მოგვარდება“.

ლიკა ხიჯაკაძე