მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, საგამოცდო ცენტრებში მაქსიმალურად კომფორტული გარემო დაგვხვდა, – ამბობენ ის ხარაგაულელი აბიტურიეტები, ვინც პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უკვე ჩააბარა.

„ყველანაირი რეკომენდაცია იყო დაცული. თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა აღმომაჩნდა, თუმცა, არა მაღალი. ამიტომ ზომების მიღება საჭიროდ არ ჩათვალეს. დარწმუნებული ვარ, ეს 40 გრადუსიან სიცხეში ლოდინმა გამოიწვია.

საგამოცდო ცენტრში მშვიდი გარემო დაგვხვდა და ყველანაირად გვიწყობდნენ ხელს, რომ თავი კომფორტულად გვეგრძნო. ტესტი არც ისე რთული იყო, თუმცა წინასწარ ვერაფერს განვსაზღვრავ“, – ამბობს ბორის სკოლის კურსდამთავრებული სალომე მაჭავარიანი. ის ერთიან ეროვნულ გამოცდებს ქუთაისის #23 სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში აბარებს.

ამავე საგამოცდო ცენტრშია ხარაგაულის N2 სკოლის კურსდამთავრებული თორნიკე გელაშვილი. „წინა წლებში გამოყენებულ ტესტებთან შედარებით, ქართული ენისა და ლიტერატურის წლევანდელი ტესტი მარტივი იყო.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ერთმანეთისგან ორი მეტრით დაშორებული მერხები ფარებითაა შემოსაზღვრული. შემოგვთავაზეს, რომ თუ პირბადე გვეკეთებოდა, ამ შემთხვევაში კონდიციონერს ჩართავდნენ. გადავწყვიტეთ, რომ პირბადეები მოგვეხსნა და კონდიციონერი გამოერთოთ“.

 „საგამოცდო ცენტრში შესვლისას თერმოსკრინინგი გავიარეთ და პირბადეებით შევედით. სანამ გამოცდა დაიწყებოდა, კონდიციონერი ჩართული იყო. აბიტურიენტების შესვლის შემდგომ კონდიცირება გამორთეს და პირბადეების მოხსნის შესაძლებლობა მოგვეცა.

მე დილის 8 საათზე მქონდა გამოცდა. ამიტომ სიცხეს არ შევუწუხებივარ, მაგრამ 2 საათზე გამოცდის ჩაბარება მარტივი არ იქნება.

საშუალო სირთულის ტესტი შემხვდა, თუმცა, ვნერვიულობ, რადგან არ ვიცი, ჩემ ნაშრომს როგორ შემიფასებენ. გამსწორებელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველა აბიტურიენტს წარმატებას ვუსურვებ“, – ამბობს ხარაგაულის #2 სკოლის კურსდამთავრებული თამარ ჭიპაშვილი.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აბიტურიენტებს თავიანთი ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენასა და კარგ შედეგებს ვუსურვებთ.

ლიკა ხიჯაკაძე